ჩაშენებული წიგნები SCRIBD

пятница, 18 апреля 2008 г.

ჩურჩხელა


ქეთევან ჭილაშვილი


_ ერთი, ორი, სამი, ოთხი... _ ითვლიდა საფეხურებს ტასო და ისე ადიოდა კიბეზე.
_ ოცი! _ შესძახა ხმამაღლა და წინდის ქსოვით გართულ ბებიასთან მიცუნცულდა.
_ ბებიკო, ერთი ჩურჩხელა მომეცი, რა! _ სთხოვა გოგონამ.
_ ვისადილებთ და მერე! _ მიუგო ბებიამ.
_ გეხვეწები. განა მე უნდა ვჭამო, თინიკოს შევპირდი, _ წამოსცდა ტასოს.
ბებია მიხვდა, რომ ცრუობდა შვილიშვილი, მაგრამ არ აგრძნობინა, საქსოვი გადადო და საკუჭნაოდან2 ჩურჩხელა გამოუტანა, _ რაკი შეჰპირდი, აჰა, წაუღე... _ გაუწოდა.
ტასიკომ იხტიბარი არ გაიტეხა, ბებიას ჩურჩხელა გამოართვა და კიბე ახლა ზევიდან ჩაითვალა: ოცი, ცხრამეტი, თვრამეტი...
`თინიკოს ვეტყვი, ვითომ მართლა ვიყავი შეპირებული და შუაზე გავიყოფთ~, _ ფიქრობდა ტასო, თან კი გული ეთანაღრებოდა. ის იყო, უნდა დაეძახა მეგობრისათვის, რომ უნებურად შემოტრიალდა და თვალის დახამხამებაში ბებიასთან გაჩნდა.
_ ბებიკო, განა მართლა შევპირდი თინიკოს ჩურჩხელას. ხვალ შევპირდები და მერე მომეცი!
ტასომ ბებიას ჩურჩხელა უკან გაუწოდა.
ბებიამ გულში ჩაიხუტა თავისი კუდრაჭა შვილიშვილი.

среда, 18 апреля 2007 г.

იხვი და მყვარი

ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა.
ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა.
იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო!
მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!
იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა.
მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა.
ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო?
მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო.
- რადგან რუქა აგრე ავის საქმის ქმნაზე დამკვიდრებულა, თქვენ კი ნუ აჰყვებით, კარგი ქმენით და მაგას იმ მყვარსავით დაემართებაო.
თქვა ვაზირმან არაკი:
(,მყვარი " ალბათ ვიცით რომ ბაყაყს ნიშნავს)