ჩაშენებული წიგნები SCRIBD

пятница, 4 февраля 2011 г.

ამბავი წმინდა გიორგის შეწევნის შესახებ…


წმინდანის წამების შემდეგ, როდესაც მან სული უფალს შეავედრა, ერთ ქალაქში, რომელსაც ლასია ეწოდებოდა, მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, კერპთმსახური, ულმობელი ქრისტიანების მიმართ. მეფე სელინოსს მშვენიერი ასული ჰყავდა.

ქალაქს პატარა ტბა ჰქონდა. ტბის მახლობლად ურჩხული ბინადრობდა, მეფემ მოიწვია ქალაქის მთავრები და ხალხთან კრება გამართა. გადაწყვიტეს, ყოველწელიწადს თითო ოჯახიდან ასული მიეცათ ურჩხულისათვის და ასეც მოხდა. მრავალმა ადამიანმა გაიმეტა მისი ერთადერთი ასული ურჩხულისათვის, რომ მას ქალაქი არ დაენგრია. ბოლოს მეფის ასულზეც მიდგა ჯერი და როდესაც შეწუხებულმა მეფემ ტირილით გააცილა ტბისკენ მისი მშვენიერი ასული, რათა ურჩხული დაუფლებოდა მას, ტბიდან თეთრი ცხენოსანი ჭაბუკი გამოვიდა ლამაზად აღკაზმული მხედარი, რომელსაც თოკით შეკრული ურჩხული წყლიდან გამოჰყვა. ჭაბუკმა თოკი ასულს გაუწოდა რათა დამარცხებული ურჩხული თავად ასულს მიეყვანა ქალაქში, ხალხის საჩვენებლად .ჭაბუკი კი გაუჩინარდა. როდესაც მეფემ დაინახა ქალიშვილი ,დამარცხებულ ურჩხულთან ერთად, გაოცებამ შეიპყრო იგი .გაოცდა მთელი ქალაქიც. ხოლო როდესაც დაიწყეს ძებნა იმ ახოვანი ჭაბუკისა, რომელსაც ეს დიდი გმირობა ჩაედინა, მაშინ ერთერთ ქრისტიანული ტაძრის ფრესკაზე ამოიცნეს ის ჭაბუკი, წმინდა გიორგი.

вторник, 18 января 2011 г.

ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან ,,გაზაფხული"
ღალღა

...- მშვიდობა შენდა, გაზაფხულის სტუმარო, მშვიდობა შენსა მოსვლას. მრავალ წელსაც გვახარებ გაზაფხულის მოსვლასა. გიშველა ღმერთმა, რომ ზამთრისაგან დაჩაგრული გული გამიმხიარულე. - ეუბნებოდა ცალფეხზე მდგომი ღალღა ენძელას და თან თავის გრძელ ნისკარტს მიწაში ურევდა.
- არ გეშინია ზამთრისა, რომ მაგრე გულადად ამოსულხარ? უყურე ამ შენს ახლო მდებარე თოვლსა, რამდენია! ან ნამქერისა არ გეშინია? დაუბერავს ნამქერი, დაჰქროლავს, დაიგრიალებს და ამ შენ ადგილს ყელამდე მიჰყრის. ხომ დაიხრჩვე იმოდენა თოვლისაგან, ხომ გაიჭყლიტე! მე ჩალა ლერწმებში ვიმალები ხოლმე იმის შიშით და ვაფარებ თავსა. მესმის ხოლმე, როგორ ზუზუნებს და ხვივის ნამქერი. მესმის ჭილს რომ ჰკითხავს ჩემ ამბავს:
- აქ რომ ღალღა დაიმალა, მითხარი სად არის, ჭილო შე ეშმაკის კერძო, თასმასავით რომ იგრიხები, მიჩვენე იმის ბინა!
- “არა ვიცირა. ან შენ ვის ეძებ, ან ვინ დაგემალა, - უპასუხებს ჭილი, - არავის ჯაშუში არა ვარ, მე მოსულ-წასულების გზას არ ვუცქერი”.
- მესმოდა როგორ გაჯავრდა, გაბრაზდა და ხრიტინებდა ნამქერი, როგორა ჰგრეხდა ჭილსა და დედამიწაზე აწვენდა.
- მშვიდობით, დაო, მშვიდობით, ფრთხილად იყავ, ზამთარს ნუ ეხუმრები, მე ბევრჯელ მიწვნევია მისგან წვენი, - ეთხოვებოდა ღალღა ენძელას და თავის გრძელი კანჭებით ჭაობებისაკენ მიაბოტებდა.






четверг, 11 ноября 2010 г.

გლეხკაცი და ქილა ერბო

იყო ერთი ღარიბი გლეხი.არც სახნავი ჰქონდა, არც სათესი, არც სახლი და არც კარი . ერთ დღეს იგი ქალაქს წავიდა სამუშაოდ. გზაზე ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა , ყურში ჯოხი გაუყარა და მხარზე გაიდო. მიდის და გზადაგზა გამდიდრებაზე ოცნებობს:
...........-ჩავალ ქალაქში, ერბოს მანეთად გავყიდი, იმ ფულით თორმეტ ვარიკას ვიყიდი , დავზრდი, დავასუქებ, მერე ჩავიყვან ქალაქს და თითოს ათ-ათ შაურად გავყიდი, ნაშოვნი ფულით გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ და ორ-ორ მანეთად გავყიდი , შემდეგ სახარე ხბორებს ვიყიდი, ხარებად გავზრდი . გავმართავ ურემს, გუთანს, მოვხნავ, დავღესავ და ავაშენდები.
...........ამ ფიქრებში რომ არის, ვითომც ურემს შეშა კიდეც დაუდო და ქალაქს გასაყიდად მიაქვს. __აქ ხომ ხარი ძნელად გაივლის, ხმა უნდა მივცეო,- და შესძახა:
..........__ ჰამოო! - თან ჯოხიც მოუქნია. ერბოიანი ქოთანიძირს დავარდა და გატყდა, ერბოც სულ დაიღვარა . დარჩა მეოცნებე გლეხი ისეთივე ღარიბი, როგორიც იყო.