ჩაშენებული წიგნები SCRIBD

суббота, 2 июля 2016 г.

მარხილში გაბმული მგელი

  როგორც მოგეხსენებათ, ზამთარში ცხენის ჭენება მოუხერხებელია. უმჯობესია მარხილით მოგზაურობა. მეც ერთი მშვენიერი მარხილი ვიყიდე და სწრაფად გავსრიალდი ფაფუკ თოვლზე.
   დაღამებისას ტყეში შევედი. ჩამთვლიმა. ამ დროს მომესმა ცხენის შეშფოთებული ჭიხვინი. მოვიხედე და მთვარის შუქზე დავინახე, რომ საშინელი მგელი კბილებდაღრჭენილი მოსდევდა ჩემს მარხილს.
   ახლა კი გათავდა ჩემი სიცოცხლე-მეთქი, გავიფიქრე, ჩავწექი მარხილში და თვალი დავხუჭე.
  ცხენი გიჟივით მიჰქროდა. მგლის კბილების კრაჭუნი ზედ ყურთან მესმოდა. საბედნიეროდ, მგელმა არავითარი ყურადღება არ მომაქცია, მარხილს თავზე გადაევლო და საწყალ ჩემს ცხენს დაეძგერა. ჩემი ცხენის უკანა ნაწილი უმალ ჩაიხვია პირში, წინა ნაწილი კი შიშისა და ტკივილისაგან გამწარებული განაგრძობდა სირბილს.მგელი უფრო და უფრო ღრმად იხვევდა ცხენს ხახაში.
    როცა გონს მოვედი, მათრახს ვტაცე ხელი და დავცხე და დავცხე გაუმაძღარ მხეცს.
მგელი ყმუილით გავარდა წინ.
   ცხენის წინა ნაწილი, რაც მგელს გადაურჩა, მოსართავებიდან გამოძვრა და თოვლში ჩაეფლო. ცხენის მაგიერ ახლა მგელი დარჩა მოსართავებსა და ხელნებს შუა ცხენივით გაბმული. თავს ვერ აიშვებდა. მე, რაც ძალ-ღონე შემწევდა, ვცემდი და ვცემდი მათრახს.
მგელი მიქროდა, თან ჩემს მარხილს მიაქანებდა. ისეთი სისწრაფით მივქროდით, რომ რაღაც ორ თუ სამ საათში ჭენებ-ჭენებთ შევგრიალდით პეტერბურგში.პეტერბურგის მცხოვრებლები განცვიფრებულნი გამორბოდნენ იმ გმირის სანახავად, რომელმაც ცხენის ნაცვლად საშინელი მხეცი შეაბა მარხილში.
*გევალებათ:

კომენტარებში , ან თუნდაც რვეულში (ცალკე რვ.) გაეცი პასუხი.

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ცხენი სახურავზე

რუსეთში ცხენით გავემგზავრე.
ზამთარი იყო. თოვდა.
ცხენი დაიქანცა და ფორხილი დაიწყო.
ძილი თავს მართმევდა. დაღლილობისაგან უნაგირიდან ვვარდებოდი. ამაოდ ვეძებდი თავშესაფარს: გზაზე არც ერთი სოფელი არ შემხვედრია.
რა უნდა მექნა! ის ღამე ტრიალ მინდორში გავათენე.
ირგვლივ არც ხე იყო, არც ბუჩქი, მხოლოდ ერთი პატარა პალო მოჩანდა თოვლში.
დიდი გაჭირვებით მივაბი გათოშილი ცხენი იმ პალოზე, მეც იქვე მივწექი და დავიძინე.
დიდხანს მეძინა. როცა გამომეღვიძა, დავინახე, მინდორში კი არ ვწევარ, სოფელში თუ პატარა ქალაქში ვარ: ჩემ გარშემო ყველგან სახლებია.
ეს რა ამბავია-მეთქი, სადა ვარ? რამ გააჩინა აქ ეს სახლები ერთ ღამეში?
ან ჩემი ცხენი სად წავიდა?
დიდხანს ვერ გამოვერკვიე. უცებ მომესმა ნაცნობი ჭიხვინი. ჩემი ცხენის ჭიხვინსა ჰგავდა, ცხენი კი არსად ჩანდა.
ჭიხვინი თითქოს მაღლიდან მოისმოდა.
ავიხედე და რას ვხედავ!
ჩემი ცხენი სამრეკლოს სახურავზე ჰკიდია ჯვარზე გამობმული!
იმწამსვე ყველაფერს მივხვდი!
გუშინ საღამოს მთელი ეს ქალაქი თავისი მცხოვრებლებითა და სახლებით თურმე თოვლით ყოფილა დაფარული, მხოლოდ ჯვრის წვეტი მოჩანდა.
აბა, რა ვიცოდი, თუ ის სამრეკლოს ჯვარი იყო, მე პატარა პალოდ მომეჩვენა და იმაზე ცხენი მივაბი. ჩემს ძილში თოვლი გამდნარა, მე შეუმჩნევლად დავშვებულვარ მიწაზე. საწყალი ცხენი კი სახურავზე დარჩენილა: სამრეკლოს ჯვარზე იყო მიბმული და მიწაზე რანაირად ჩამოვიდოდა!
რა მექნა?
დაუყოვნებლივ დამბაჩაზე ვიტაცე ხელი, დავუმიზნე და პირდაპირ აღვირს მოვარტყი. მე ხომ განთქმული მსროლელი ვარ.
აღვირი შუაზე გაწყდა.
ცხენი სწრაფად დაეშვა ჩემთან, მოვახტი და ქარივით გავაქროლე.


*გევალებათ:

კომენტარებში , ან თუნდაც რვეულში (ცალკე რვ.) გაეცი პასუხი.