ჩაშენებული წიგნები SCRIBD

пятница, 18 апреля 2008 г.

ჩურჩხელა


ქეთევან ჭილაშვილი


_ ერთი, ორი, სამი, ოთხი... _ ითვლიდა საფეხურებს ტასო და ისე ადიოდა კიბეზე.
_ ოცი! _ შესძახა ხმამაღლა და წინდის ქსოვით გართულ ბებიასთან მიცუნცულდა.
_ ბებიკო, ერთი ჩურჩხელა მომეცი, რა! _ სთხოვა გოგონამ.
_ ვისადილებთ და მერე! _ მიუგო ბებიამ.
_ გეხვეწები. განა მე უნდა ვჭამო, თინიკოს შევპირდი, _ წამოსცდა ტასოს.
ბებია მიხვდა, რომ ცრუობდა შვილიშვილი, მაგრამ არ აგრძნობინა, საქსოვი გადადო და საკუჭნაოდან2 ჩურჩხელა გამოუტანა, _ რაკი შეჰპირდი, აჰა, წაუღე... _ გაუწოდა.
ტასიკომ იხტიბარი არ გაიტეხა, ბებიას ჩურჩხელა გამოართვა და კიბე ახლა ზევიდან ჩაითვალა: ოცი, ცხრამეტი, თვრამეტი...
`თინიკოს ვეტყვი, ვითომ მართლა ვიყავი შეპირებული და შუაზე გავიყოფთ~, _ ფიქრობდა ტასო, თან კი გული ეთანაღრებოდა. ის იყო, უნდა დაეძახა მეგობრისათვის, რომ უნებურად შემოტრიალდა და თვალის დახამხამებაში ბებიასთან გაჩნდა.
_ ბებიკო, განა მართლა შევპირდი თინიკოს ჩურჩხელას. ხვალ შევპირდები და მერე მომეცი!
ტასომ ბებიას ჩურჩხელა უკან გაუწოდა.
ბებიამ გულში ჩაიხუტა თავისი კუდრაჭა შვილიშვილი.