ჩაშენებული წიგნები SCRIBD

пятница, 13 октября 2017 г.

ვეფხისტყაოსანი

არაბეთში მეფობდა როსტევანი, სვებედნიერი და დიდებული ხელმწიფე, ბრძენი და ენამჭევრი, თავმდაბალი და გულმოწყალე, უხვი და სამართლიანი განმგებელი. უთვალავი ლაშქრის პატრონი იყო, თავად ხომ სწორუპოვარი მეომრის სახელი მოეხვეჭა.
ვაჟი არ ჰყავდა მეფეს, ერთადერთი ასული ესვა, უებრო თინათინი. რა გაიზარდა, გაივსო და გაიბადრა, მშვენებით თვით მზეც დაეჩაგრა, ქვეყნის მანათობელი გამხდარიყო, მისი ქება ისევ ბრძენს შეეძლო, ათასჯერ ათას ენას მოღლიდა.

“სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული,
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული”

ერთხელ  როსტევანმა  თავისი ვეზირები  მოიხმო,  გვერდით მოისხა და წყნარი,ალერსიანი ბაასი გაუბა. თქვენი რჩევა მჭირდება, ერთად უნდა მოვისაუბროთო, ბრძანა. ვარდი რომ დაიყვავილებს და დაჭკნება, ტურფა ბაღნარში მაგიერი სხვა იფურჩქნება და ჰყვავისო:

„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“.

ჩემი დრო წავიდა, - შესჩივლა მათ როსტევანმა, სიბერემ დამრია ხელი, ყოველ ჭირხე უფრო ძნელმა სიბერემ, დღეს თუ ხვალ მოვკვდები. რა გაეწყობა, ასეთია წესი წუთისოფლისა. ჩაესვენა  ჩემი მზე  და ახლა უმთვარო ღამეს შევსცქერი. რაღა ფასი აქვს იმ ნათელს, ბნელი რომ მოსდევს?! რამე უნდა ვიღონოთ, მოდით, ჩემი მემკვიდრე დავსვათ ხელმწიფედ, ჩემი მზის უმჯობესი  ასული!
- მეფეო, რა სათქმელია თქვენი დაბერება? მაგას ნუ ბრძანებთ, ვარდი ჯერ არ დაგჭნობიათ - მოწიწებით მოახსენეს ვეზირებმა, - კიდევაც რომ დაჭკნეს სურნელებითა და ფერთა სიტურფით ვარდი ხომ მაინც ყველა სხვა ყვავილს აღემატება?! ამიტომ გვმართებს, კვლავ მას დავსჯერდეთ, ან არადა, მილეულ მთვარეს ვარსკვლავმა როგორ უნდა შეჰბედოს შეცილება?!
თქვენი რჩევა, ხელმწიფეო, თუნდ ავი ყოფილიყო, მაშინაც სხვისას კარგს აჯობებდა. მით უფრო უნდა შესრულდეს თქვენი ეს კეთილი სურვილი: ტახტი მას უბოძეთ, ვისაც თვით მზეც დაუჩრდილავს.
პირფერობით არ გეუბნებით, შეიშვენებს მეფობას, ეს უთქვენოდაც მრავალგზის გვითქვამს. მსგავსად მისი შუქმოსილი სილამაზისა, მისი საქმეც ნათელია და ბრწყინვალე. თინათინი თუმცა ქალია, მაგრამ ნამდვილად ხელმწიფედ არის დაბადებული. ლომის ლეკვები, ძუცა და ხვადიც, ხომ თანასწორი არიან: „ლეკვი ლომასა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
როსტევანის სარდალი ავთანდილი ძე იყო არაბეთის მხედართმთავრისა:

“საროსა მჯობნი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა
ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა.
მას თინათინის შვენება ჰკლავდის წამწამთა ჯარისა.
გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად,
რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად,
ნახის, ცეცხლი გაუახლდეს, წყლული გახდის უფრო წყლულად.”

ასე შესაბრალისია სიყვარულით გულმოკლული ადამიანი! როსტევანმა რომ თავისი ასულის გამეფება ბრძანა, ავთანდილს ეს დიდად ეამა, ჭმუნვის ალი გაუნელდა, დაუცხრა: ხშირ–ხშირად მომიხდებაო ნახვა თინათინისა, მისი ბროლფიქალის ჭვრეტით დატკბობა, და იქნებ ეს ეწამლოს ჩემს ფერწასულობას, ჩამომაშოროს კაეშანიო, ფიქრობდა ჭაბუკი.
არაბთა დიდმა მბრძანებელმა მთელ სამეფოს აუწყა: ჩემი ასული ხელმწიფედ დავსვი, ვისი შუქიც ყველას მზისაებრ უნათებს, მოდით და ქება შეასხით, დიდებით შეამკეთო. მთელმა არაბეთმა მოიყარა თავი. რიცხვმრავლობდა დიდებულთა ჯარი. მოსულიყო პირმზე აბთანდილი, უთვალავი ლაშქრის სარდალი, მოსულიყო ვეზირი სოგრატიც, მეფის ურჩეულესი მხლებელთაგანი.
ისეთი სამეფო ტახტი დაედგათ, ფასი არ დაედებოდა, პირნათელი სახეგაბადრული თინათინი მამამ მიიყვანა, ტახტზე დასვა და საკუთარი ხელით დაადგა თავს გვირგვინი, სკიპტრა მისცა და მეფის სამოსით შემოსა.
თინათინის მადლიანი და ბრძნული მზერა ყველას მზის სხივად ეფრქვეოდა. ხელმწიფემ და მისმა მხედრობამ უკან დაიწიეს, თაყვანი სცეს და მეფედ აკურთხეს. სხვებმაც აღარ დაახანეს და ქება–დიდება შეასხეს. ტკბილად აჟღერდა ბუკ–წინწილათა ხმა. ზეიმი გაჩაღდა. 
თინათინს ტირილი მოერია, ცრემლს აფრქვევდა, ყორნის ფრთასა და ბოლოსავით შავ წამწამებს მორცხვად დაბლა ხრიდა. თავი იმას ღირსად არ მიეჩნია, რომ მამის ტახტზე მჯდარიყო. ამაზედ ტიროდა და ცრემლით რწყავდა ვარდის ბროლივით აყვავებულ ღაწვებს. როსტევანი არიგებდა და ამხნევებდა:
- ყოველ მამას ხომ შვილი რჩება მემკვიდრედ და ნუგეშად. რა მომასვენებდა, სანამ ჩემს ტახტს შენ გადმოგილოცავდი, უამოსოდ გულს რა დამიამებდა, მწველ ცეცხლს რა ჩამიქრობდა?! ნუ ტირი, ასულო ჩემო, და გამიგონე, რასაც გეტყვი! დღეს არაბეთში მეფე შენა ხარ, ამიერიდან ეს სამეფო შენთვის მომინდვია.
საქმეს ბრძნულად გაუძეხ, თავმდაბალი და გონიერი იყავ! მზე თანაბრად ჰფენს სხივებს სურნელოვან ვარდსაც და მყრალ ბალახსაც, ასევე შენც ნუ მოგწყინდება. ნურც დიდებულთა და ნურც მდაბიოთა წყალობა.
გახსოვდეს, უხვი ურჩს დაიმორჩილებს, თავაწყვეტილს დააბამს, თანაც ძალდაუტანებლად. მისივე ნება–სურვილით. საბოძვარის უხვად გამცემი იყავ და არც შენ მოგაკლდება: ზღვებსაც ხომ კიდეც  ერთვის შენაკადები და კიდეც  გაედინება ხილმე.

„მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია.
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“

მამის დარიგებას ხალისით ისმენდა და ბრძნულად ეწაფებოდა თინათინი, ვისაც მშვენებით, შუქბრწყინვალებით მზეც დაეჩრდილა. მზე თვითონ ცდილობდა მისებრი ყოფილიყო, თინათინის ჩაცმულობა: „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინობდა“.
როსტევანს ნადიმი გაემართა, სვამდა და მღეროდა, დიდად მოილხენდა. თინათინმა თავისი ერთგული გამზრდელი იხმო და უბრძანა: მომართვი მთელი ჩემი საუფლისწულო განძეულობა, შენ რომ დაბეჭდილი და შენახული გაქვსო, გახსენი ჩემი საუნჯე და ყველაფერი აქ მომიტანეთ, ნურავინ დამალავს, რაც რამ შიგ დევსო, მეჯინიბეთუხუცესმაც ცხენის ჯოგი მოასხასო.
მოართვეს და „გასცა უზომო,  უანგარიშო, ულევი“.  რაც კი ყმაწვილქალობაში სიმდიდრე მოგროვებოდა, სულ იმ დღეს დაარიგა. ქალი თუ კაცი, მდაბიონი თუ დიდებულნი - ერთობ საბოძვარით აავსო,  „ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა“. მოლაშქრენი მიუშვა და განძეულობას ავაზაკებივით იტაცებდნენ, უებრო არაბულ ტაიჭებსაც დაერივნენ და მიჰყავდათ, როგორც ომში ნაშოვნი ნადავლი.
მეორე დღესაც როსტევანს უამრავი ხალხი მოეწვია ნადიმად, სვამდნენ, ჭამდნენ, ხილს შეექცეოდნენ. სუფრის თავს იჯდა პირიმზე ავთანდილი, „მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხვი და ლომია“.
ჭაბუკ სარდალს მოხუცი ვეზირი სოგრატი უმშვენებდა მხარს. დიდი მხიარულება იყო. ანაზდად ხელმწიფემ მოიწყინა, ფერიც გაუკრთა. მონადიმენი ჩურჩულით ერთმანეთს შესჩიოდნენ: ნეტავ, რა დაემართა მეფეს, უწინდელი წყენა ან ცუდი რამ თუ მოაგონდა, თორემ მისი დასაღონებელი აქ არაფერი მომხდარაო.
ავთანდილმა სოგრატს შესთავაზა: ვკითხოთ, მისი უნებური ვის რა გვიქნიაო, თანაც გავეხუმროთ, იქნებ გუნებაზედ მოვიდეს, მგონია, არ გაგვაწბილოსო. აღარ დაუხანებიათ, მყისვე წამოიმართნენ „ტანითა მით კენარითა”, თითომ თითო ჭიქა აივსო. როსტევანს მოწიწებით მიუახლოვდნენ პირმომცინარენი და მუხლი მოუყარეს. ვეზირმა ლაღად და ენაწყლიანად შეჰკადრა:

„დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო,
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო.
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

რა ეს მოისმინა, როსტევანს თუმცა გაუკვირდა, როგორ გამიბედაო, მაინც გაუღიმა და დაუმადლა, კარგი ჰქენ, რომ მითხარიო, წყალობასაც დაჰპირდა.
არა, ეგ არ მიმძიმს, - დასძინა მან, - ტყუის და ყბედობს, ვინც სიძუნწესა მწამებს! მე ის მაღონებს, დავბერდი და ერთადერთი ასული მყავს ნასათუთევი, ღმერთმა ძე არ მიბოძა, რომ მშვილდოსან-მოასპარეზედ დამგვანებოდა. ცოტათი ისევ ავთანდილი თუ მომედრება „ჩემგანვე ნაზარდობითა“, ამოდენა საბრძანებელში სხვა არავინ არის, „რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია“.
ავთანდილი მშვიდად და მოკრძალებით უსმენდა მეფეს, ბოლოს თავი დახარა და გაიღიმა. ღიმილმა ერთობ დაამშვენა, მისი თეთრი კბილებიდან გამომკრთალი ელვა ველ–მინდორს მოეფინა. რას იცინი, მითხარ, ჩემი ნუ გერიდება, რა არ მოგეწონა, დასაგმობი რა მითქვამსო, ჰკითხა მეფემ. მოგახსენებო, მოწიწებით უთხრა ჭაბუკმა, ოღონდ პირობა მიბოძე: რასაც გეტყვი, კადნიერად ნუ ჩამომართმევ, არ გამირისხდე და არ ამიკლოო. როსტევანმა თინათინის მზე დაიფიცა, რომ შენგან საწყენის თქმასაც არ ვიწყენ, არ გაგიწყრებიო.
მაშინ ავთანდილმაც შეჰკადრა, თავისი სათქმელი:
- ნუ იკვეხნით მშვილდოსნობას, ნაკლები მშვილდოსანი არც თქვენი ფერხთა მტვერი ავთანდილი გახლავთ. ამაოდ გიბრძანებიათ, მოასპარეზედ არავინ მგავსო, ამას ბურთი და მოედანი გამოაჩენს. სანაძლეო დავდოთ, მოწმედ თქვენივე მოყმენი წავიყვანოთ.
- იცოდე, არ შეგარჩენ მაგ შეცილებას, - უთხრა ხელმწიფემ. - რახან თქვი, წავიდეთ და ვისროლოთ, მოწმედ კარგი მოყმენი ვიახლოთ, „მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისმი უთხრობდენ ქებასა!“
დათქმული პირობით კმაყოფილნი ლაღობდნენ, იცინოდნან, დროს ტკბილად ატარებდნენ. სანაძლეოც დადეს: ვინც უარესი მშვილდოსანი იყოს, სამ დღეს თავშიშველი დადიოდესო.
მერე როსტევანმა მონადირეებს უბრძანა, ნადირთა ჯოგი მინდვრად მოასხით და აღარსად გაუშვათო. ლაშქარს გამოუცხადეს, სახვალიოდ მზის ამოსვლისას მოდით, ერთად მოგროვდითო. ნადიმი დაიშალა, ყველანი წავიდ–წამოვიდნენ, ნაამებნი და გახარებულნი.
არაბეთში მეფობდა როსტევანი, სვებედნიერი და დიდებული ხელმწიფე, ბრძენი და ენამჭევრი, თავმდაბალი და გულმოწყალე, უხვი და სამართლიანი განმგებელი. უთვალავი ლაშქრის პატრონი იყო, თავად ხომ სწორუპოვარი მეომრის სახელი მოეხვეჭა.
ვაჟი არ ჰყავდა მეფეს, ერთადერთი ასული ესვა, უებრო თინათინი. რა გაიზარდა, გაივსო და გაიბადრა, მშვენებით თვით მზეც დაეჩაგრა, ქვეყნის მანათობელი გამხდარიყო, მისი ქება ისევ ბრძენს შეეძლო, ათასჯერ ათას ენას მოღლიდა.

“სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული,
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული”

ერთხელ  როსტევანმა  თავისი ვეზირები  მოიხმო,  გვერდით მოისხა და წყნარი,ალერსიანი ბაასი გაუბა. თქვენი რჩევა მჭირდება, ერთად უნდა მოვისაუბროთო, ბრძანა. ვარდი რომ დაიყვავილებს და დაჭკნება, ტურფა ბაღნარში მაგიერი სხვა იფურჩქნება და ჰყვავისო:

„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“.

ჩემი დრო წავიდა, - შესჩივლა მათ როსტევანმა, სიბერემ დამრია ხელი, ყოველ ჭირხე უფრო ძნელმა სიბერემ, დღეს თუ ხვალ მოვკვდები. რა გაეწყობა, ასეთია წესი წუთისოფლისა. ჩაესვენა  ჩემი მზე  და ახლა უმთვარო ღამეს შევსცქერი. რაღა ფასი აქვს იმ ნათელს, ბნელი რომ მოსდევს?! რამე უნდა ვიღონოთ, მოდით, ჩემი მემკვიდრე დავსვათ ხელმწიფედ, ჩემი მზის უმჯობესი  ასული!
- მეფეო, რა სათქმელია თქვენი დაბერება? მაგას ნუ ბრძანებთ, ვარდი ჯერ არ დაგჭნობიათ - მოწიწებით მოახსენეს ვეზირებმა, - კიდევაც რომ დაჭკნეს სურნელებითა და ფერთა სიტურფით ვარდი ხომ მაინც ყველა სხვა ყვავილს აღემატება?! ამიტომ გვმართებს, კვლავ მას დავსჯერდეთ, ან არადა, მილეულ მთვარეს ვარსკვლავმა როგორ უნდა შეჰბედოს შეცილება?!
თქვენი რჩევა, ხელმწიფეო, თუნდ ავი ყოფილიყო, მაშინაც სხვისას კარგს აჯობებდა. მით უფრო უნდა შესრულდეს თქვენი ეს კეთილი სურვილი: ტახტი მას უბოძეთ, ვისაც თვით მზეც დაუჩრდილავს.
პირფერობით არ გეუბნებით, შეიშვენებს მეფობას, ეს უთქვენოდაც მრავალგზის გვითქვამს. მსგავსად მისი შუქმოსილი სილამაზისა, მისი საქმეც ნათელია და ბრწყინვალე. თინათინი თუმცა ქალია, მაგრამ ნამდვილად ხელმწიფედ არის დაბადებული. ლომის ლეკვები, ძუცა და ხვადიც, ხომ თანასწორი არიან: „ლეკვი ლომასა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
როსტევანის სარდალი ავთანდილი ძე იყო არაბეთის მხედართმთავრისა:

“საროსა მჯობნი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა
ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა.
მას თინათინის შვენება ჰკლავდის წამწამთა ჯარისა.
გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად,
რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად,
ნახის, ცეცხლი გაუახლდეს, წყლული გახდის უფრო წყლულად.”

ასე შესაბრალისია სიყვარულით გულმოკლული ადამიანი! როსტევანმა რომ თავისი ასულის გამეფება ბრძანა, ავთანდილს ეს დიდად ეამა, ჭმუნვის ალი გაუნელდა, დაუცხრა: ხშირ–ხშირად მომიხდებაო ნახვა თინათინისა, მისი ბროლფიქალის ჭვრეტით დატკბობა, და იქნებ ეს ეწამლოს ჩემს ფერწასულობას, ჩამომაშოროს კაეშანიო, ფიქრობდა ჭაბუკი.
არაბთა დიდმა მბრძანებელმა მთელ სამეფოს აუწყა: ჩემი ასული ხელმწიფედ დავსვი, ვისი შუქიც ყველას მზისაებრ უნათებს, მოდით და ქება შეასხით, დიდებით შეამკეთო. მთელმა არაბეთმა მოიყარა თავი. რიცხვმრავლობდა დიდებულთა ჯარი. მოსულიყო პირმზე აბთანდილი, უთვალავი ლაშქრის სარდალი, მოსულიყო ვეზირი სოგრატიც, მეფის ურჩეულესი მხლებელთაგანი.
ისეთი სამეფო ტახტი დაედგათ, ფასი არ დაედებოდა, პირნათელი სახეგაბადრული თინათინი მამამ მიიყვანა, ტახტზე დასვა და საკუთარი ხელით დაადგა თავს გვირგვინი, სკიპტრა მისცა და მეფის სამოსით შემოსა.
თინათინის მადლიანი და ბრძნული მზერა ყველას მზის სხივად ეფრქვეოდა. ხელმწიფემ და მისმა მხედრობამ უკან დაიწიეს, თაყვანი სცეს და მეფედ აკურთხეს. სხვებმაც აღარ დაახანეს და ქება–დიდება შეასხეს. ტკბილად აჟღერდა ბუკ–წინწილათა ხმა. ზეიმი გაჩაღდა. 
თინათინს ტირილი მოერია, ცრემლს აფრქვევდა, ყორნის ფრთასა და ბოლოსავით შავ წამწამებს მორცხვად დაბლა ხრიდა. თავი იმას ღირსად არ მიეჩნია, რომ მამის ტახტზე მჯდარიყო. ამაზედ ტიროდა და ცრემლით რწყავდა ვარდის ბროლივით აყვავებულ ღაწვებს. როსტევანი არიგებდა და ამხნევებდა:
- ყოველ მამას ხომ შვილი რჩება მემკვიდრედ და ნუგეშად. რა მომასვენებდა, სანამ ჩემს ტახტს შენ გადმოგილოცავდი, უამოსოდ გულს რა დამიამებდა, მწველ ცეცხლს რა ჩამიქრობდა?! ნუ ტირი, ასულო ჩემო, და გამიგონე, რასაც გეტყვი! დღეს არაბეთში მეფე შენა ხარ, ამიერიდან ეს სამეფო შენთვის მომინდვია.
საქმეს ბრძნულად გაუძეხ, თავმდაბალი და გონიერი იყავ! მზე თანაბრად ჰფენს სხივებს სურნელოვან ვარდსაც და მყრალ ბალახსაც, ასევე შენც ნუ მოგწყინდება. ნურც დიდებულთა და ნურც მდაბიოთა წყალობა.
გახსოვდეს, უხვი ურჩს დაიმორჩილებს, თავაწყვეტილს დააბამს, თანაც ძალდაუტანებლად. მისივე ნება–სურვილით. საბოძვარის უხვად გამცემი იყავ და არც შენ მოგაკლდება: ზღვებსაც ხომ კიდეც  ერთვის შენაკადები და კიდეც  გაედინება ხილმე.

„მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია.
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“

მამის დარიგებას ხალისით ისმენდა და ბრძნულად ეწაფებოდა თინათინი, ვისაც მშვენებით, შუქბრწყინვალებით მზეც დაეჩრდილა. მზე თვითონ ცდილობდა მისებრი ყოფილიყო, თინათინის ჩაცმულობა: „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინობდა“.
როსტევანს ნადიმი გაემართა, სვამდა და მღეროდა, დიდად მოილხენდა. თინათინმა თავისი ერთგული გამზრდელი იხმო და უბრძანა: მომართვი მთელი ჩემი საუფლისწულო განძეულობა, შენ რომ დაბეჭდილი და შენახული გაქვსო, გახსენი ჩემი საუნჯე და ყველაფერი აქ მომიტანეთ, ნურავინ დამალავს, რაც რამ შიგ დევსო, მეჯინიბეთუხუცესმაც ცხენის ჯოგი მოასხასო.
მოართვეს და „გასცა უზომო,  უანგარიშო, ულევი“.  რაც კი ყმაწვილქალობაში სიმდიდრე მოგროვებოდა, სულ იმ დღეს დაარიგა. ქალი თუ კაცი, მდაბიონი თუ დიდებულნი - ერთობ საბოძვარით აავსო,  „ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა“. მოლაშქრენი მიუშვა და განძეულობას ავაზაკებივით იტაცებდნენ, უებრო არაბულ ტაიჭებსაც დაერივნენ და მიჰყავდათ, როგორც ომში ნაშოვნი ნადავლი.
მეორე დღესაც როსტევანს უამრავი ხალხი მოეწვია ნადიმად, სვამდნენ, ჭამდნენ, ხილს შეექცეოდნენ. სუფრის თავს იჯდა პირიმზე ავთანდილი, „მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხვი და ლომია“.
ჭაბუკ სარდალს მოხუცი ვეზირი სოგრატი უმშვენებდა მხარს. დიდი მხიარულება იყო. ანაზდად ხელმწიფემ მოიწყინა, ფერიც გაუკრთა. მონადიმენი ჩურჩულით ერთმანეთს შესჩიოდნენ: ნეტავ, რა დაემართა მეფეს, უწინდელი წყენა ან ცუდი რამ თუ მოაგონდა, თორემ მისი დასაღონებელი აქ არაფერი მომხდარაო.
ავთანდილმა სოგრატს შესთავაზა: ვკითხოთ, მისი უნებური ვის რა გვიქნიაო, თანაც გავეხუმროთ, იქნებ გუნებაზედ მოვიდეს, მგონია, არ გაგვაწბილოსო. აღარ დაუხანებიათ, მყისვე წამოიმართნენ „ტანითა მით კენარითა”, თითომ თითო ჭიქა აივსო. როსტევანს მოწიწებით მიუახლოვდნენ პირმომცინარენი და მუხლი მოუყარეს. ვეზირმა ლაღად და ენაწყლიანად შეჰკადრა:

„დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო,
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო.
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

რა ეს მოისმინა, როსტევანს თუმცა გაუკვირდა, როგორ გამიბედაო, მაინც გაუღიმა და დაუმადლა, კარგი ჰქენ, რომ მითხარიო, წყალობასაც დაჰპირდა.
არა, ეგ არ მიმძიმს, - დასძინა მან, - ტყუის და ყბედობს, ვინც სიძუნწესა მწამებს! მე ის მაღონებს, დავბერდი და ერთადერთი ასული მყავს ნასათუთევი, ღმერთმა ძე არ მიბოძა, რომ მშვილდოსან-მოასპარეზედ დამგვანებოდა. ცოტათი ისევ ავთანდილი თუ მომედრება „ჩემგანვე ნაზარდობითა“, ამოდენა საბრძანებელში სხვა არავინ არის, „რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია“.
ავთანდილი მშვიდად და მოკრძალებით უსმენდა მეფეს, ბოლოს თავი დახარა და გაიღიმა. ღიმილმა ერთობ დაამშვენა, მისი თეთრი კბილებიდან გამომკრთალი ელვა ველ–მინდორს მოეფინა. რას იცინი, მითხარ, ჩემი ნუ გერიდება, რა არ მოგეწონა, დასაგმობი რა მითქვამსო, ჰკითხა მეფემ. მოგახსენებო, მოწიწებით უთხრა ჭაბუკმა, ოღონდ პირობა მიბოძე: რასაც გეტყვი, კადნიერად ნუ ჩამომართმევ, არ გამირისხდე და არ ამიკლოო. როსტევანმა თინათინის მზე დაიფიცა, რომ შენგან საწყენის თქმასაც არ ვიწყენ, არ გაგიწყრებიო.
მაშინ ავთანდილმაც შეჰკადრა, თავისი სათქმელი:
- ნუ იკვეხნით მშვილდოსნობას, ნაკლები მშვილდოსანი არც თქვენი ფერხთა მტვერი ავთანდილი გახლავთ. ამაოდ გიბრძანებიათ, მოასპარეზედ არავინ მგავსო, ამას ბურთი და მოედანი გამოაჩენს. სანაძლეო დავდოთ, მოწმედ თქვენივე მოყმენი წავიყვანოთ.
- იცოდე, არ შეგარჩენ მაგ შეცილებას, - უთხრა ხელმწიფემ. - რახან თქვი, წავიდეთ და ვისროლოთ, მოწმედ კარგი მოყმენი ვიახლოთ, „მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისმი უთხრობდენ ქებასა!“
დათქმული პირობით კმაყოფილნი ლაღობდნენ, იცინოდნან, დროს ტკბილად ატარებდნენ. სანაძლეოც დადეს: ვინც უარესი მშვილდოსანი იყოს, სამ დღეს თავშიშველი დადიოდესო.
მერე როსტევანმა მონადირეებს უბრძანა, ნადირთა ჯოგი მინდვრად მოასხით და აღარსად გაუშვათო. ლაშქარს გამოუცხადეს, სახვალიოდ მზის ამოსვლისას მოდით, ერთად მოგროვდითო. ნადიმი დაიშალა, ყველანი წავიდ–წამოვიდნენ, ნაამებნი და გახარებულნი.
***
 


ადრე დილით მოვიდა სასახლეში ავთანდილი, „იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადიხშოსანი“, ოქრომკერდით ნაქარგი მოსახვევი მოეხვია, წელი ხმლით დაემშვენებინა, თეთრ ტაიჭზე ამხედრებული მეფეს ელოდებოდა. როსტევანი მოიკაზმა, ცხენზე შეჯდა და გამოვიდა. სანადიროდ გაეშურნენ.
ურიცხვ ლაშქარს ველი დაეფარა, ზეიმობდნენ, ჟრიამულობდნენ. ვრცელ მინდორს ირგვლივ შემორტყმოდნენ. ხელმწიფემ თორმეტი რჩეული მშვილდოსანი იხმო და უბრძანა: თან გამოგვყევით და “მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა“, ნასროლი დათვალეთ და ნაკრავი შეადარეთო. მონადირეებმა ნადირი მორეკეს, მინდორს ყოველი მხრიდან უთვალავ ჯოგად მოაწყდა:

„ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკა მაღლა მხტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! 
აჰა, მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!“

როსტევანი და ავთანდილი მარჯვედ დაერივნენ ნადირს და მუსრს ავლებდნენ. მათგან დაჭრილი მხეცი წინ ერ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ველი წითლად შეეღებათ, თავადაც ნადირთა სისხლში მოსვრილიყვნენ. მათი ცხენების ნატერფალთაგან ამდგარი მტვრის კორიანტელი მზეს აბნელებდა. ავთანდილის ახოვანებით მოხიბლული მჭვრეტელნი ჭაბუკს „ალვას, ედემის ხეს“ ამსგავსებდნენ.
ასე გალიეს ვრცელი მინდორი, შეუსვენებლივ გადაიჯირითეს, მინდვრის ბოლოს მდინარე დიოდა, მის ნაპირას კლდეები ამართულიყო. ნადირთა ჯოგი მახლობელ ტყეში გაუჩინარდა, სადაც ცხენი ვერც გაივლიდა.
როსტევანი და ავთანდილი უკან გამობრუნდნენ დაღლილ-დაქანცულნი, „იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია“. მეგობრულად ოხუნჯობდნენ, მე გაჯობეო, ერთმანეთს სიცილით აჯავრებდნენ. მერე, როცა მშვილდოსანნი წამოეწივნენ, მეფემ მათ უბრძანა, ყოველივე მართალი გვითხარით, ხათრით ნურაფერს დაგვიმალავთო, მათ მოახსენეს:
- ახლავე რომ დაგვხოცო, მაინც ვერ გეტყვით, რომ თქვენი მშვილდოსნობა, ხელმწიფეო, მაგისას შეედრებოდეს. ავთანდილის დაკოდილ მხეცთაგან ერთიც ვერ ვნახეთ, რომ წინ ნაბიჯი წაედგას. ერთად ორივეს ასჯერ ოცი დაგიხოცავთ, ოღონდ ავთანდილს ოცით მეტი მოუკლავს: რამდენიც შეუტყორცნია, ერთიც არ აუცდენია, თქვენი ისრები კი მრავლად დაგვიწმენდია, მიწით მოსვრილი.

„მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, 
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა."

დიდი ხნით ჩრდილში შეისვენეს. ლაშქარმაც იქ იწყო მოდენა, ბზის უმეტესი შეიკრიბა. მხიარულად ერთობოდნენ, ტყისა და მდინარის ჭვრეტით ტკბებოდნენ.
  



მდინარის პირას უცნობი მოყმე დაინახეს, რომელიც იჯდა და გულმდუღარედ სტიროდა, ცრემლით მორწყული ღაწვები დათრთვილული ვარდივით უბრწყინავდა: „ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა“.
ლომგმირ ვაჟკაცს ხელთ სადავით ეპყრა შავი მერანი და მკლავის უმსხოსი ნაჭედი მათრახი ეჭირა. მოყმას აბჯარიცა და ცხენის აკაზმულობაც თვალ-მარგალიტით უხვად იყო მოოჭვილი. ბეწვიანი სამოსი ეცვა, ვეფხვის ტყავისგან შეკერილი. თავზედაც ვეფხვის ტყავის ქუდი ეხურა.
როსტევანმა უცხო ჭაბუკის ამბის გაგება მოიწადინა და მსახური მიუგზავნა, მეახლეო. მოციქული მივიდა, მაგრამ კარგა ხანს სიტყვაც ვერ შეჰბედა მწუხარე ფიქრებით სულმთლად დაპყრობილ რაინდს, თავდახრილი რომ იჯდა და ბროლის წვიმა გიშრის თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა: „მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად“.
განცვიფრებულმა და დამფრთხალმა მსახურმა მხნეობა მოიკრიბა და მოახსენა მეფის ნაბრძანები. ჭაბუკს სიტყვაც არ გაუგონია, თითქმის სმენა დახშობოდა. მახლობლად დაბანაკებული ლაშქრის ხმაურსაც ვერ გრძნობდა. გულამოსკვნილი სისხლის ცრემლს აფრქვევდა.
მსახურმა ერთხელ კიდევ შეჰკადრა მეფის შენათვალი, მაგრამ იგი არ უსმენდა, შეუჩერებლივ ტიროდა მდუმარედ, ბაგეც არ გაუხსნია:

„არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან".

მსახური გაწბილებული დაბრუნდა უკან და როსტევანს მოახსენა: ეტყობა, იმას თქვენი არაფერი უნდა, ვერა გავაგინე რა, ამად შემაგვიანდაო. მეფეს გაუკვირდა და თან გაწყრა. მხლებელთაგან თორმეტი რჩეული მეომარი იხმო და უბრძანა, უცხო მოყმე აქ მომგვარეთო.
თავს წამომდგარ მეომართა აბჯრის ჩხარუნმა შეაკრთო მტირალი ჭაბუკი. ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და მიიხედ-მოიხედა. შორიახლო ლაშქარიც რომ დაინახა, ვაიმეო, ერთი კი თქვა, და ცხენს მოახტა. ხმალ-კაპარჭი შეისწორა, მძლავრი მკლავებით ცხენი სხვა მხარეს მიაბრუნა და გაეშურა. აინუნშიაც არ ჩაუგდია, რას ეუბნებოდნენ მეომრები. შესაპყრობად რომ დაედევნენ, მაშინ კი შავი დღე დააყენა, მტერსაც შეებრალებოდათ: ერთმანეთს ჰკრა და უმწეოდ დახოცა, ზოგსაც მათრახი გადაუჭირა და მით მკერდამდის ჩაკვეთა.
განრისხებულმა ხელმწიფემ ლაშქარი მიუსია. სანამ მდევრები ახლოს მივიდოდნენ, ჭაბუკს უკან არც მოუხედავს. რაოდენიც დაეწია, ერთობ მუსრი გაავლო. როსტევანი და ავთანდილი ცხენებზე შესხდნენ უცხო მოყმეს გამოუდგნენ გამწარებულნი. იგი თამამად და ამაყად მიდიოდა, მოხდენილად მიირხეოდა მერანზე წამომართული და ველს მზისაებრ მიაფენდა შუქს.
რა შენიშნა, თვითონ მეფე მომდევსო, მოყმემ ცხენს მათრახი გადაუჭირა და წამსვე თვალთაგან გაუჩინარდა, გეგონებოდა, მისი წინარბენი კვალიც რომ ვერსად იპოვეს, გრძნეული დევივით ისე როგორ გაქრაო.
ლაშქარი მკვდრებს დასტიროდა. დაჭრილთ სწრაფად უხვევდნენ იარებს. მეფეს სიხარული მწუხარებად შეეცვალა, ბრძანა: ვხედავ, ღმერთს ჩემი შვება-სიამე მობეზრებია და ესაა მიზეზი, რომ მწარე ნაღველი მარგუნა, გული სამუდამოდ დამიწყლულაო, რა გაეწყობა, ასეთი ყოფილა მისი ნება-სურვილიო.
ეს თქვა და დაღვრემილი გამობრუნდა უკან ვაი-ვიშით. გართობა ასპარეზობა მოიშალა, სადღა იყო ლხინი და საკრავთა ტკბილი ჟღერა. სასახლეში დაბრუნებისთანავე მეფემ განსასვენებელ დარბაზს მიმართა. ერთადერთი ავთანდილი შეჰყვა, შვილივით რომ მიაჩნდა.
თინათინმა რომ მამის უგუნებობა შეიტყო, მისი სამყოფისაკენ გასწია. იკითხა, ხომ არ სძინავსო. მოახსენეს, მოწყენილი და ფერწასული ზის, მარტო ავთანდილი ახლავსო. მოწყენის მიზეზიც უთხრეს - უცხო მოყმის ნახვის ამბავი. თინათინი აღარ შევიდა, უკან გამობრუნება არჩია.
გავიდა ხანი. როსტევანს ასული მოენატრა. ბრძანა, აქ მომგვარეთ ჩემი თინათინი - ჩემი შნო და სიხარული, ჩემი სიცოცხლეო. შეუთვალა: მოდი, დარდი გამიქარვე, გულდაწყლულებულს მეწამლე, გეტყვი, რაც მანაღვლებსო.
თინათინმა მამას მიაშურა. სახე გავსებულ მთვარეს მიუგავდა. მეფემ ასული გვერდით დაისვა და სათუთად უალერსა, თანაც უსაყვედურა: წვევას რას ელოდები, რატომ თვითონ არ მინახულეო.
- მეფეო, - მიუგო თინათინმა, - თქვენი მოწყენა თუ შეიტყო, ვინ გაბედავს გეახლოს, რაგინდ თამამიც იყოს. თქვენი უგუნებობა თვით მნათობთაც დაამხობს. ოღონდ ეს კია, „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.
- რაოდენ შეწუხებულიც ვიყო, შენი ჭვრეტა და სიახლოვე, შვილო, მაინც მახარებს და სევდას მიქარვებს, - უთხრა როსტევანმა. - მჯერა, მიზეზს როცა გაიგებ, შენც აღარ გამამტყუნებ, რაზედ ოხრავს და კვნესისო.

„უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე,
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე,
ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე“.

შესაპყრობად მეომრები დავადევნე, მაგრამ ერთობ მუსრი გაავლო და ეშმაკივით დამეკარგა, გაუჩინარდა. ჯერ კარგად ისიც არ ვიცი, ცხადი იყო თუ მომეჩვენა. უეჭველია ღმერთს მოვსძულდი, ჩემი მხიარულება დაენანა და ტკბილი წყალობა ბოლოს ასე ჩამამწარა, დამავიწყა ბედნიერების დღენი, თითქოს არასდროს მქონებოდეს. ამიერიდან ვერავინ მანუგეშებს და ვერც გამახარებს რამე.
- მეფეო, ან ღმერთსა და ან ბედს რას ემდური? - საყვედურით შეჰკადრა თინათინმა. - შემოქმედი ყველასათვის სიკეთის მოსურნეა, ყველას მოწყალე თვალით უმზერს. მე ამას გირჩევ: თქვენს თვალუწვდენ სამფლობელოში ამბის მცნობელნი დაგზავნე და მალე გაიგებ, ძეხორციელია ის მოყმე, თუ მოჩვენება იყო.
ქვეყნის ოთხივე მხარეს კაცნი გაგზავნეს უცხო მოყმის საპოვნელად. მთელი წელიწადი ძებნეს, მაგრამ მის მნახავსაც ვერავის წააწყდნენ. გულნატკენნი დაბრუნდნენ, ამაოდ დამაშვრალნი.
- მართალი ყოფილა ჩემი ასული და მემკვიდრე, - ბრძანა როსტევანმა, - თურმე ეშმაკის სიცრუე და სიბილწე მინახავს, ჩემდა სამტროდ ზეცით ჩამოსული. აღარას ვნაღვლობ, დარდი მომქარვებია.
ეს თქვა და მხიარული დროსტარება გამართა. საცა კი მომღერალ-მოსაკრავე და მუშაითი ეგულებოდათ, უკლებლივ უხმეს. იყო ერთი მუსიკობა და თვალის სეირი. მერე ყველანი დარბაზს შეიწვია. იმდენი საბოძვარი გასცა, სიუხვეში ვერავინ შეეტოლებოდა.

თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა უცხო მოყმის საძებნელად

ავთანდილი შინ მარტო იყო, პერანგისამარა იჯდა, ჩანგს უკრავდა და ზედ ლაღად დამღეროდა. მონა ზანგი შემოვიდა და მოახსენა, თინათინი გიხმობსო.
ჭაბუკის ნატვრაც ეს იყო: მისი ჭვრეტითა და სიახლოვით დატკბებოდა, ვისზე ფიქრითაც ცრემლი ბევრჯერ უღვრია. პირისპირ პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნაირფერი სამოსიდან უმჯობესი აირჩია, კოხტად გამოეწყო და მისი სამყოფისაკენ ამაყად გასწია. მოღუშული დაუხვდა სატრფო:

"იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა".

სიასამურის ბეწვის უსაპირო სამოსი ტანთ შილიფად ეცვა, ძოწისფერი რიდე აშლილად მოებურა, თეთრ ყელზე ხშირი თმანი მიმობნევით ეხვივნენ. ავთანდილს დინჯად შესთავაზა დამჯდარიყო, შორიახლოს დაისვა. ჭაბუკი პირისპირ მოკრძალებით უჭვრეტდა, უზომო სიხარულით სავსე.
არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მეტი ვეღარ გავძელი, - უთხრა მას თინათინმა. - ახლაც, რომ გეუბნები ვძრწი და ვილევი. იცი რაზე გიხმე ან რად ვზივარ პირქუშად და დაღვრემით, ასე გონწართმეული?
თქვენი შესაძრწუნებელი რამ ჩემგან როგორ ითქმის? - მიუგო ავთანდილმა. - „მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის და-ცა-ჭნების“. მეც ამ დღეში ვარ, თავი დამვიწყებია, აზრისა და მიხვედრისათვის სადა მცალია, თვითონვე მითხარით, რა გიმძიმთ და რით განიკურნება ეგ სიმძიმილი.
თინათინს ხალისი შეემატა, მოტკბა, სიტყვა ალერსიანი გაუხდა:
აქამდე შენგან შორს მეჭირა თავი და, ვიცი გაგაოცებს ნატვრის ასე უეცრივ ასრულება. მაგრამ ჯერ ის გითხრა, რა ჭირშიაც ვარ ჩავარდნილი.
გახსოვს, შენ და როსტევანი ნადირობიდან რომ ბრუნდებოდით და უცხო მოყმეს გადაეყარეთ? მას შემდეგ სულ იმაზე ვფიქრობ და ამ ფიქრმა დამანელა. გემუდარები, ცა და მიწა შეაჯერე და ის მოყმე მონახე. თუმცა აქამდე საამისოდ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ ვიცი, შემიტყვია, შორით რომ მეტრფი:

„ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია“

ესეც სათქმელია, ჩემი სამსახური ორნაირად გმართებს: ჯერ ერთი, როგორც მოყმეს, ვის სწორიც არვინა გყავს, მერე როგორც ჩემს მიჯნურს. წადი და საცა უნდა იყოს ის უცნობი მოყმე მოძებნე. ამით უფრო მეტადაც შაეგიყვარდები. ბილწი ეშმაკი დათრგუნე და ურვა გამიქარვე. მხნედ იყავ, გულს იმედის ია-ვერდი გიყვაოდეს.
სამ წელიწადს ძებნე. იპოვი - გამარჯვებული და მხიარული დაბრუნდები. ვერ იპოვი - დავიჯერებ, რომ მოჩვენება იყო. მოხვალ და „კოკობი და დაუფრჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი“. ვფიცავ, შენ გარდა ქმრად სხვა არავინ ვინდომო, თვით ხორციელი მზეც რომ გამომეცხადოს. თუ გიმტყუნო, ქვესკნელს დავინთქე და იქაც შენი სიყვარულით ვიტანჯებოდე, გულში მახვილგანაწონები.
ჭაბუკმაც შეჰფიცა და საალერსო სიტყვები შეჰკადრა, დაუდასტურა, რომ სწამდა, სჯეროდა მისი. უცხო მოყმის ძებნაც აღუთქვა, თუმცა დიდი ხნით განშორება, ისიც ამ ბედნიერ ჟამს, ენით გამოუთქმელად ეძნელებოდა.

„მოახსენა ყმამან: მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა, მე!“

ღმერთს მზედ გაუჩენიხარ და თვით ცის მნათობნიც ერთობ გმორჩილებენ, მე როგორ უნდა შეგეურჩო, შენი უხვი წყალობის შუქით გამთბარი! წავალ, ეგ მაცოცხლებელი შუქი ყველგან მომწვდება და „ვარდი ჩემი არ დაჭნების“.
კვლავ შეჰფიცეს ერთმანეთს და პირობა შეჰკრეს. მიჯნურობის ჭირი სიამედ შესცვლოდათ. ენამჭევრობდნენ, ლაღობდნენ, ბედნიერების ღიმილით გაბადრულნი.

„ერთგან დასხდნენ, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
ბროლ-ბადაღში შეხვეული და გიშერი ასადაგეს.
ყმა ეტყვის, თუ: შენთა მჭვრეტთა თავი, ხელი, ა, სად აგეს!
ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.

მოყმე ადგა და წავიდა. აღარ იცოდა, როგორღა გაეძლო უმისოდ. უკანვე იხედებოდა გახელებით, თვალი ვერ მოეშორებინა. მოვარდისფრო ღაწვები ცრემლის სეტყვას დაეზრო და დაეთრთვილა. გული გულთან გაეერთებინა სასიყვარულოდ. ფიქრით შეჰღაღადებდა: ადრე დამაჩნდა მზეო შენი სიშორე, ბროლისა და ლალის ფეროვანება ქარვის უყვითლესად გამხდომიაო. მაშინ რაღა ვქნა, როცა მართლა დიდი ხნით ვეღარ გიხილავ! მაგრამ წესად დამიდვია, სატრფოსთვის თუნდაც მოვკვდებიო.
შინ მივიდა და დასაძინებლად დაწვა, ტიროდა, ცრემლი ვერ შეეჩერებინა. ქარისაგან შერხეული ვერხვივით იზნიქებოდა და ტოკავდა. ჩათვლემდა თუ არა, სატრფო ეზმანებოდა და შემკრთალი ხმამაღლა გაჰყვიროდა., ზმანებით ათკეცად გატანჯული. ღაწვებზე ისევ ეფრქვეოდა მარგალიტის ცრემლი სატრფოს მოშორებით სევდაააშლილს.
რა გათენდა, კოხტად მოირთო და მოიკაზმა, ცხენზე შეჯდა და სადარბაზოდ გაემართა. ხელმწიფესთან მოციქული შეგზავნა, შეუთვალა:
მეფეო, გამიგონია, რომ მთელი ქვეყნიერება თავად ხმლით დაგიმონებიათ. ახლა მე მინდა წავიდე, „მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო“, თინათინის გახელმწიფება გარშემო ყველას ვამცნო, მტერთ გულში ლახვრად ვაძგერო, მორჩილნი ვახარო და ურჩნი ვატირო.
მეფე დიდად მადლიერი დარჩენოდა, ებრძანა: ომები, ლომო,  არც აქამდე დაგკლებია, მაგრამ ვაჟკაცი ხარ და ახლაც სავაჟკაცო საქმეზედ მიგიწევს გული, წადი, ოღონდ მე რა ვქნა, თუ ხანგრძლივ მერგო შენი სიშორეო.
მოყმე შევიდა, მოწიწებით მადლი მოახსენა და შეჰკადრა:
ხელმწიფეო, მიკვირს, რა ღირსი ვარ, რომ ჩემი ქება გიბრძანებიათ?! ღმერთმა ქნას, კვლავ მენახოთ და ამით ბნელი გამთენებოდეს, ერთმანეთს კვლავ მხიარული შევხვედროდეთ.
მეფე ყელზე მოეხვია და შვილივით გადაკოცნა. მერე გული აუჩვილდა და ცრემლი გადმოყარა. ძლიერ, ძლიერ შეყვარებოდათ ერთმანეთი, „სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!“
მოყმე გზას გაუდგა, მხნედ და ამაყად ვიდოდა, თუმცა მძიმე დარდი ფეხდაფეხ ასდევნებოდა: თინათინი თვალწინ ედგა მოუშორებლივ და მისი ცეცხლით იწვოდა. არაბეთის განაპირა მხარეში ავთანდილს მაგარი ციხე-ქალაქი ჰქონდა, მტერთა საზაროდ ზვიადად აღმართულიყო, უქვიტკირო, კლდეების გალავნით მოზღუდული.
ჭაბუკი ჯერ იქითკენ მიეშურებოდა. ოცი დღე იარა, ხშირად ღამეც სიარულში დაათენდა. რა მივიდა, მთელ მის სამფლობელოს სიხარული მოედო. დიდებულნი მოეგებნენ, ძღვენს უხვად სძღვნიდნენ. მისი ნახვით ყველა ხარობდა.
გამგზავრების მოსწრაფემ იქ სამიოდე დღე დაყო. წასვლის წინ შერმადინი იხმო, თავისი გაზრდილი მოყმე-ჭაბუკი, და „დაისვა სავაზიროსა“, უთხრა:

„მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა“.

იმ გადაკარგული მოყმის ამბავი შემიტყვეო, დამიბრუნდები და გულის წადილს მაშინ აგისრულებო. სიყვარული და ერთგულება შემომფიცა, „მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა“. მოყმე ვარ, პატრონის სამსახური მმართებს. ქვეშედრომს მეფის ერთგულება შეჰფერის. ესეც არ იყოს მან ხომ მტანჯველი ცეცხლი დამივსო, გული დამიამა. წავალ, ხიფათსა და განსაცდელს მხნედ შევეჭიდები, „ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად“.
მე და შენ რომ ვართ, ასეთი მოყვარული მოყმე და პატრონი სხვა არავინაა, - დასძინა ათანდილმა - ამიტომაც გთხოვ ნათქვამი გამიგონო: მივდივარ და შენ გტოვებ მონაცვალედ, ჩემი მხედრობის მეთაურად. თუ არა შენ, ამ საქმეს ვერავის მივანდობ. ლაშქარი ალაშქრე, დიდებულთ მოეპატრონე. საზღვარი გაამაგრე, ფხიზლად იყავ, მტერმა მახლობლად ვერ იბოგინოს. ხელმწიფიანთ უჩემობა არ აგრძნობინო: ამბის გასაგებად კაცი უნდა გაგზავნო, ჩემ მაგიერ წერილი მიუწერო და უებრო ძღვენი უძღვნა.

„ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
არ მოვბრუნდე, მომიგონე, მიტირე და მივაგლახე“.

მაშინღა შეჰკადრე მეფეს უსიამო ამბავი, ჩემი სიკვდილი აცნობე, „მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია“. აი, მაშინ კიდევ უფრო მეტი სიმხნე გმართებს. ხშირ-ხშირად მომიგონე, ადრე არ დამივიწყო. გახსოვდეს ცემი გაზრდილი ხარ, ცრემლი ნუ დაგენანება. ჩემი სულის დასაურვებლად ნურაფერს დაიშურებ, „გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია“.
ავთანდილის ნათქვამმა შერმადინი გააოცა და თავზარი დასცა, თვალთაფგან მდუღარე ცრემლი გადმოსცვივდა, გულმოკლულმა მოახსენა:
ვიცი, რომ წახვალ, არ დადგები, ამიტომ მაგას არც მე გიშლი. ეს კი როგორ მიბრძანე, ჩემ ნაცვლად დაგტოვებო, შენი მაგივრობა რანაირად უნდა გავწიო, სად შენ და სად მე?! ხომ მიწა გამეთხარა და დავიმარხე, რა, „შენ მარტოსა გიგონებდე“, სჯობს, მეც თან წამიყვანე, ორივე ერთად გავიპაროთ!
გამიგონე, - მიუგო ავთანდილმა - მიჯნური ველად მარტო უნდა გაიჭრას. ვიცი, გამიჭირდება, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება ჭირუნახავად და გაურჯელად ვის მოუხვეჭია?

„მარგალიტი არვის მიჰხვდეს, უსასყიდლოს, უვაჭრელად.
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.“

ვის გავუზიარო ხვაშიადი ან სამფლობელოს მოვლა-პატრონობა ვის მივანდო? შენ გარდა საამისოდ შესაფერისი სხვა არავინ მეგულვის. მარტოობა ვერას დამაკლებს, თუ ციურ ძალთა დასი მფარველად მექნა. „ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი“.
ეგების კვლავ დავბრუნდე, ღმერთმა სულმთლად არ გამიმეტოს დასაკარგავად. თუ სამი წლის თავზედაც არ გამოვჩნდი, მაშინ კი გლოვა გმართებს. ანდერძს დავტოვებ, მთელი ჩემი სამფლობელო შენ გმორჩილებდეს.

 ავთანდილის წერილი თავის მოყმეთა მიმართ

 „მოყმენო ჩემნო! ეს წერილი მე, თქვენს ფერხთა მტვერს, საკუთარი ხელით დამიწერია. თავი ერთად შეიყარეთ და მოისმინეთ. ზოგი ჩემი გამზრდელი ხართ, ზოგიც - გაზრდილი. თქვენი ერთგულება და გამტანობა გამოცდილი მაქვს, საწადელი მუდამ მორჩილად და მოწიწებით შეგისრულებიათ ჩემთვის.

„ლხინსა და გართობას მცირე ხნით ველად გაჭრა ვარჩიე, ჩემს მშვილდ-ისარს მივენდე, თავს იმით დავირჩენ. ერთი საქმე გამომიჩნდა, მარტოდმარტო უნდა გარდავიხვეწო და წლევანდელი წელიწადი უცხოობაში დავყო.
ამას გემუდარებით, სამეფო მტერთაგან დაულეწელი დამახვედროთ. ჩემ მაგიერ შერმადინს ვტოვებ. ვიდრე მე მოვალ, ან ცოცხალი ვეღარ დავბრუნდი, ის იქნება თქვენი პატრონი.

„ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ ჭნობდეს,
შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს“.

თვითონაც იცით, შვილივით გამიზრდია. მას ისევე უნდა მორჩილებდეთ, თითქოს ავთანდილი იყოს. როგორც კი გიხმოთ, მხარი მიეცით და „აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი“. მე თუ დათქმულ დრომდე არ გამოვჩნდე, გლოვა და მწუხარება გმართებთ“.
წერა რომ დაასრულა, წელთ ოქრო შემოირტყა და გაემზადა, რომ უცხოობაში მწირივით ევლო. შინ აღარ შეყოვნებულა, მაშინვე გზას დაადგა. გამინდვრებამდე სიარული ქვეითად ისურვა, მოყმეთა ამალაც გაიყოლია, შემდეგ კი ყველანი დაითხოვა, განმარტოვდა და შამბნარში გაუჩინარდა.
მიდიოდა და განუყრელად თან სდევდა მტანჯველი ფიქრი თინათინზე.

„იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა
მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა“.

გავიდა ხანი. მხლებელთ ნადირობა დაემთავრებინათ და პატრონი მოიკითხეს, მაგრამ სადღა იყო. გამალებული დაუწყეს ძებნა, ცხენებს დააგელვებდნენ, ყველაფერი შეძრეს. მაინც ვერა გაიგეს რა. დაღონდნენ, სიხარული მწუხარებად შეეცვალათ. „გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გადმოჰყრიდეს“
შერმადინმა დიდებულები ერთად შეკრიბა და ავთანდილის წერილი წაუკითხა. რა მოისმინეს, ყველას გული დაეწვა. თავში ხელს იცემდნენ სიმწრის ცრემლმორეულნი, სინანულით ამბობდნენ: „ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!“
მერე შერმადინს მოახსენეს: თუმცა უავთანდილოდ ჩვენის სიცოცხლე უხალისო და უგემურია, ტახტსა და ქცეყანას შენზე ღირსეულს, აბა ვის დაუტოვებდაო, რასაც გვიბრძანებ, უცილობლად იმას ვიზამთ, შენი მორჩილი ვიქნებითო. თაყვანი სცეს და პატრონად დაისვეს.

ავთანდილის წასვლა უცხო მოყმის საძებნელად

თვით ბრძენი დიონოსი და ეზროსიც გვემოწმებიან, რომ „საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს“. ავთანდილსაც, თითქოსდა „ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანამა“, ღაწვებზე ცრემლი უბრწყინავდა. ლერწამივით ტანაყრილი ჭაბუკი, ფერთა ციაგით ლალი რომ დაეჩაგრა, სამკვიდროს ტოვებდა და უცხოობაში საყარიბოდ მიეშურებოდა:

„ვის ბადაღში არა ჰგვანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს,
იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.“

ავთანდილმა მინდორი ჯირითით გაიარა და არაბეთის საზღვარს გასცდა. თინათინისაგან დაშორება სიცოცხლეს უნახევრებდა და დარდს უასკეცებდა. წავიდა, მაგრამ გული მასთან დარჩა. თავს ინუგეშებდა, იქნებ კვლავ მეღირსოსო მისი ნახვა. არათუ შვება-სიხარული დათმობა, მისთვის სიკვდილიც კი ეადვილებოდა და ლხინად მიაჩნდა: „შენთვის სიკვდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად“.
და მაინც, ვარამი სულ უფრო მძაფრად ეუფლებოდა ჭაბუკ მიჯნურს, „ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭნებოდა“. სასოწარკვეთილი ზოგჯერ ხანჯალსაც წაეტანებოდა - გულში დავიცემო, მაგრამ მსწრაფლ სიმხნევეს მოიკრებდა და გონს მოეგებოდა. დადიოდა ავთანდილი უცნობ ადგილებში უცხო მოყმის საძებნელად. მგზავრებთან მეგობრობდა, ცდილობდა მათგან შეეტყო რამე.

„მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, სდის ზღვათა შესართავისად
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.“

მიწის პირი ერთბ მოვლო, მაგრამ იმ მოყმის ამბის მსმენელსაც ვერავის მიაგნო. ამასობაში სამი წელი სამ თვედ მიიწურა. ბოლოს სადღაც მწირსა და უდაბურ ადგილას მოხვედრილიყო, მთელ თვეს ძეხორციელი არ ენახა. დიდი გასაჭირი ადგა, ისეთი, თვით ვისსა და რამინსაც რომ არ დასდგომიათ. დღე და ღამე სატრფოს მოგონებაში იყო. მასზე ფიქრითღა სულდგმულობდა.
დიდი და მაღალი მთის წვერზე დაისადგურა. იქიდან თვალწინ გადაეშალა ვრცელი მინდორი, მთელი კვირის სავალი იქნებოდა. მთის ძირას პატარა მდინარე დიოდა, უხიდოდაც იოლად გადასასვლელი. მდინარეს მიადგა, ვერც წინ წასვლა გადაეწყვიტა, ვერც უკან დაბრუნება. დრო რომ გამოთვალა, ვადამდე ორი თვეღა დარჩენოდა, ამაზედ ოხრავდა და კვნესოდა. ცალკე იმას შიშობდა, ვაითუ საიდუმლო გამიმჟღავნდეს და ყველაფერი ცუდად დატრიალდესო. საგონებელში ჩავარდნილიყო, აღარ იცოდა რა ექნა:
უკან დავბრუნდე, ჩემს მნათობს რაღა პასუხი მივუტანო, ამდენი ხანი რომ ფუჭად გამილევია? რა ვუთხრა იმისი, ვის საძებნელადაც წამოვსულვარ, ჭორიც რომ ვერა გამიგია რა? არ დავბრუნდე და კვალავაც ვეძებო, შევიტყობ კი მის ამბავს? ამასობაში დათქმული დრო გავა, შერმადინი იმედს გადაიწყვეტს და ღაწვებზე ცრემლის ღვარი ამაოდ დაედინება. მეფესაც ეახლება და როგორც თვითონვე დავავედრე, ჩემს სიკვდილს აუწყებს. სასახლეში მწარე გლოვას მიეცემიან და... „მერემე მივიდე ცოცხალი, სადმე სხვაგან მე რებული!“
ამას ფიქრობდა მტირალი, ეს უშფოთებდა გონებას, ამიტომ შეჰღაღადებდა ღმერთს საყვედურით: „სამართალნი შენი ჩემთვის რად ამრუდენ“, ამდენი სიარული წყალში რად ჩამიყარე, სიხარული რად წამართვი და ნაცვლად ჭირი რად დამიბუდე გულში, მთელი ჩემი დღე და მოსწრება ცრემლსა და ვაებაში რომ მიდისო.
ისევ და ისევ ცდილობდა თავი გაემხნევებინა - კმარა, დღეის იქით ნუ მოვკვდებიო, გული გაემაგრებინა - დარდით ნუღარ დადნებიო. რა გაეწყობა, ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრი: „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“. თუ ღვთის ნება და შეწევნა არ იქნა, სულერთია, ვერაფერს გავხდები, ცრემლს ამაოდ ვღვრიო.
მთიდან ძირს დაეშვა მდინარის გასწვრივ ტყისპირა შამბნარს გაუყვა. გაოცებული იყო: ქვეყანაზე უნახავი არავინ გამიშვია და იმ მოყმის ამბავი როგორ ვერ გავიგეო?! უეჭველად მართალი ყოფილან, ქაჯად რომ თქვესო, და თუ ასეა, რაღა მაქვს სატირალი, ტყუილად ცრემლს რაღად ვღვრიო?
ავთანდილმა მდინარე გადალახა, ტყე გაიარა და გაიმინდვრა. ტაიჭი აუჩქარებლად მიჰყავდა და თითქოს მიირხეოდა. სევდას და ბოღმას დაეპყრო:

„გასცუდებოდა მკლავნი და მისნი სიამაყენია,
ბროლისა ველსა სტუმრობდეს გიშრისა მუნ საყენია."

უკან გამობრუნება დააპირა. ოხრა-კვნესა აღმოხდა და გზა ისევ განაგრძო. მინდორზე თავქვე დაეშვა და მანძილი თვალით მოზომა. მთელ თვეს ძეხორციელი არ ენახა. შორიახლო საზარელი მხეცები იყვნენ. არც კი ცდილა დაეფრთხო. თუმცა ჯავრისაგან გაცეცხლებულიყო და გულამოსკვნილი კვნესოდა, „ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა“. როსტომ-გმირის მკლავზე უგრძესი ისრით ნადირი მოჰკლა, შამბნარის პირას ჩამოხტა და კვესით ცეცხლი გააჩაღა.
ცხენი საძოვარზე რომ მიუშვა და მწვადის შეწვას უცდიდა, დაინახა ექვსი ცხენოსანი მისკენ მოეშურებოდა. ჯერ იმედი გაეღვიძა, იქნებ იმ მოყმისა რამე იცოდნენო, მაგრამ მძარცველებს მიასმგავსა და ხელი ჩაიქნია: მათგან რა უნდა გავიგო კარგიო, ესეცაა, აქ ხომ ძეხორციელს, ალბათ, დღემდე ფეხი არ დაუდგამსო!
მშვილდ-ისარს ხელი დაავლო და მათკენ მღიმარე გაემართა. შენიშნა, რომ ორ წვეროსან კაცს უწვერული ახალგაზრდა მოთქმა-ტირილით მოჰყავდათ. თავში ყოფილიყო დაჭრილი, სისხლით დაცლილს გული შეღონებოდა, ძლივსღა სუნთქავდა. შეეხმიანა: ძმანო ვინა ხართ? ყაჩაღებს მიგამსგავსეთო!
- დამშვიდდი, - მიუგეს მათ, - გვიშველე რამე, ამ ცეცხლისაგან გვიხსენი! თუ ვერაფერი გვარგო, მოგვისამძიმრე, სატირალი მოგვიტირე, ღაწვნი შენც დაიკაწრე, ჩვენი ჭირ-ვარამი შენც გაიზიარე!
ავთანდილი მათ მიუახლოვდა და, რა მოგსვლიათო გამოჰკითხა. ისინი უამბობდნენ, გულმდუღარედ მტირალნი:
- ჩვენ სამივენი ძმები ვართ, ხატაეთს დიდი ციხე-ქალაქი გვაქვს. გვითხრეს, აქეთ კარგი სანადირო ადგილებიაო, და ჩვენც გამოვეშურეთ, თან უთვალავი ლაშქარი ვიახლეთ. მდინარის პირას დავბანაკდით. სანადირო მოგვეწონა და მთელი თვე დავრჩით. მთასა თუ ბარში უამრავი მხეცი დავხოცეთ. სამივენი დაუცდენლად ვისროდით, ჩვენი ბადალი არავინ ჩანდა. მერე ერთმანეთსაც დავეცილენით - „მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო“. ბევრი ვიდავეთ, მაგრამ სამართალი ვერ გავაჩინეთ. უარესობას ვუკადრისობდით.
- დღეს ლაშქარი ავყარეთ და შინისაკენ გზას გავუყენეთ, ირმის ტყავით დატვირთული. გადავწყვიტეთ, ერთხელ კიდევ გვეცადა ბედი და დანამდვილებით გაგვეგო, თუ ვინ ვსჯობდით, ვის უფრო მარჯვე მკლავი ჰქონდა. დავთქვით მარტონი წავსულიყავით, თითოს, თითო მეაბჯრეღა გვეახლებინა, ნადირიც თავად წამოგვეფრთხო და ისე გვესროლა. „მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია“, მხეცთ მუსრი გავავლეთ, ზევიდან გადაფრენილი ფრინველიც არ გაგვიშვია ცოცხალი.
- ანაზდად პირქუში და მრისხანე მოყმე გამოჩნდა. შავს მერანზე იჯდა, „თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია“. მისი მსგავსი მშვენება კაცის თვალს ჯერ არ ენახა. რა შევხედეთ, მის ელვათა შუქს თვალი ვერ გავუსწორეთ, ვთქვით, მზე ციდან ქვეყნად ჩამოსულაო!
მოყმის შეპყრობა მოვიწადინეთ. მე, უფროსმა ძმამ, უმცროსთ ხვეწნა-მუდარით გამოვსთხოვე, მაგას თვითონ მოვუვლი-მეთქი. მომდევნო ძმამ მისი ტაიჭი შეიხარბა, ქებით მოიხსენია. უმცროსმა, მარტოდმარტო მოვერევიო, დაიქადა, ვაი, რომ არ დავუშალეთ, მისკენ გაექანა და ჩვენც უკან მივყევით, იმ მოყმეს დავედევნეთ.
იგი კვლავ მშვიდად მიდიოდა, მშვენებით გაბრწყინებული. მეტად ახლოს რომ მივეტანეთ, თითქოს სისხლი აემღვრაო, მოთეთრო-მოვარდისფრო ღაწვები წითლად აელეწა, ამით შნო და ლაზათი თითქოს შეემატა კიდეც

„ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი, თხელნი ანატიფნა,
იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა“.

არც ძირს ჩამოგვყარა და არც ზეითად დაგვტოვა. სულაც არაფრად ჩაგვაგდო, იარაღიც არ უხმარია, „მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!“ უმცროსი ძმა თავისას მაინც არ იშლიდა. მივცვივდით, და ვცადეთ აღარ მიგვეშვა. ეს უბედური ხელით მისწვდა და, შეჩერდიო, ესეც რომ შეჰბედა, მოყმემ მათრახი გადაჰკრა და თავი შუაზე გადაუფრიწა, ძირს მკვდარივით დასცა:

„მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა, მოამიწა,
თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი წა!“

ამის შემდეგ უკან არც მოუხედავს, მშვიდად და აუჩქარებლად გასწია. „აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად“, - შორს უთითებდნენ მწარედ მტირალნი შავტაიჭოსან მხედარზე, ძლივს რომ მოჩანდა.
ასე მოულოდნელად აუსრულდა ავთანდილს გულის საწადელი და წილად ერგო „ ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა“: ვისაც ეძებდა, მის კვალს მიაგნო. უხაროდა, რომ ამდენი ხნის ყარიბად სიარული ფუჭად არ დაკარგულიყო. გამოვლილი ხიფათი და გაჭირვება აღარც კი აგონდებოდა:

„კაცთა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა“

- ძმანო, მე იმ მოყმის საძებნელად მოვშორებივარ სამკვიდროს და ამ უდაბურ ადგილას მოვსულვარ, - უთხრა მათ ავთანდილმა. - ახლა თქვენი წყალობით მიმიკვლევია ესოდენ ძნელად მოსახელებელი მისი გზა-კვალი. ასემც თქვენ აგსრულებოდეთ გულის წადილი, მე რომ ამისრულდა! ასემც ღმერთმა უშველოს თქვენს ძმას და თქვენი დასაღონი არა ინებოს რა!
თქვა თუ არა ეს, თავისი სადგომი უჩვენა და შესთავაზა: დაჭრილი ჩრდილში გადასვით და თქვენც მოისვენეთ, დაღლილ-დაქანცული იქნებითო. თვითონ კი დეზით ცხენი გაქუსლა და საბელიდან თავდახსნილი მიმინოსებრ ლაღად გაფრინდა. მოყმისაკენ მიეშურებოდა როგორც „მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა“.
მწველი ცეცხლი მოეშორებინა, წუხილი გასცლოდა. აი, საცაა დაეწევა. ახლა სხვა საფიქრალი გაუჩნდა: როგორ მივიდეს და რა უთხრას? გონივრულად უნდა მოიქცეს, თორემ ვაითუ „შმაგი უფრო გააშმაგოს“, და მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩაუარა ავთანდილს! არა, რამე უნდა იღონოს.

„ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს“

- რაკი ასე გულამღვრეული და გახელებულია, - ფიქრობდა ავთანდილი, - პირისპირ სასაუბროდ არავის მიუშვებს. დავეწიო, ერთმანეთის შეხლა-ჭიდილი არ აგვცდება. ან მომკლავს, ან შემაკვდება, და ამით ხომ მისი ამბავი „დაიმალვის მეტის-მეტად“, ქვეყნად ისეთი არსება ვის გაუგონია, რომ თავისი ბუდე და სამყოფელი არ ჰქონდეს? დავაცდი, მივიდეს, საცა მისასვლელია, და, რანაირი ზღუდითაც უნდა იყოს მოვლებული, შევაღწევ და იქიდან შევიტყობ, რისი შეტყობაც მწადია.
ორი დღე და ღამე ასე იარეს, უცხო მოყმეს ავთანდილი მალულად კვალში ედგა. დამაშვრალთ ერთხელაც არ შეუსვენიათ, არც არა უჭამიათ რა. მესამე დღეს, საღამო ჟამს დიდ კლდეებს წაადგნენ. ძირს მდინარე დიოდა, მისი ნაპირები ხშირ შამბნარს დაეფარა. კლდეთა შუა დიდრონ ხეებს ტანი მაღლა აეყარათ, თვალს ძლივს აუწვდენდი.
შორიახლო გამოქვაბული ყოფილიყო. უცხო მოყმემ მდინარე გადალახა და იქით გაემართა. ავთანდილი ჩამოქვეითდა, მაღალი ხე შეარჩია, ცხენი დააბა და თვითონ იმ ხეზე ავიდა სათვალთვალოდ. ვეფხვის ტყავით მოსილმა ჭაბუკმა ტყე რომ გავლო და გამოქვაბულს მიაუახლოვდა, იქედან ქალი გამოეგება: შავი ჯუბა ეცვა, ხმამაღლა ატირდა, მისი ცრემლი ზღვას ერთვოდა.
მოყმე ცხენიდან ჩამოხტა, ყელს მკლავებით მოეჭდო და შესტირა: „დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს“, სანამ დრო იყო, ვაი, რომ ვერ ვიპოვეთ, ვისი ცეცლითაც ვიწვითო. ეს თქვა და მკერდში მჯიღი წაიშინა, ცრემლი წვიმისაებრ მოსდიოდა. ავთანდილი შორით უჭვრეტდა მატი ქცევით განცვიფრებული.

„იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა,
იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა“.

სიმწრისაგან სახე დაეხოკათ. მერე ერთმანეთს სისხლი მოსწმინდეს, სული მოიბრუნეს, ცოტათი დაწყნარდნენ. ქალმა ტაიჭი გამოქვაბულში შეიყვანა და აკაზმულობა მოხადა. მოყმეს აბჯარი მოხსნა და ისიც შეიტანა. შიგნით შევიდნენ და იმ დღეს გარეთ აღარ გამოსულან.
ავთანდილი დაღონდა, რანაირად უნდა გავიგო მისი ამბავიო, საგონებელში ჩავარდნილიყო.
რა გათენდა, ქალი გამოვიდა, ისევ შავი ემოსა. მერანს ლაგამი ამოსდო და შეკაზმა. შემდეგ წყნარად და უხმაუროდ აბჯარიც გამოიტანა. მოყმეს წესად ჰქონებოდა დადებული, ამაზე მეტხანს არ არ დარჩენილიყო. გამოთხოვებისას ერთმანეთს მოეხვივნენ და აკოცეს.
ჭაბუკი ცხენზე შეჯდა და გზას გაუდგა. ისედაც დაღვრემილი ასმათი უარესად შეწუხდა: ტიროდა, მკერდში მჯიღს იცემდა, ხშირ თმას ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა.
უცხო მოყმე იმავე გზით წამოვიდა, წინა დღეს რომ გაევლო. ავთანდილი მალულად ხეს ამოეფარა და გაფაციცებით უჭვრეტდა:

„ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,
ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, „ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?“
ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა
ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.“

მოყმემ რომ შამბნარი კარგა შორი მანძილით უკნ მოიტოვა და გაიმიდვრა, ავთანდილმა შვებით ამოისუნთქა:
- ამას რა სჯობია - ფიქრობდა იგი, - მოყმე წავიდა, ახლა ქალი მარტოა. მივალ შევიპყრობ, მის ამბავს ვაამბობინებ, ჩემსასაც ყველაფერს ვეტყვი. ღვთის წყალობით საქმე დიდებულად მოეწყო: რასაც ვეძიებდი, ისე გავიგებ, „მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო“.

ავთანდილისა და ასმათის შეხვედრა და საუბარი

ავთანდილი ხიდან ძირს ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, ზედ შეჯდა და გამოქვაბულისაკენ გაემართა. კარები ღია იყო. იქიდან გულმდუღარედ აცრემლებული ასმათი გამოიჭრა: ჰგონებოდა, "დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული”, მაგრამ, ტარიელის ნაცვლად სულ სხვა მოყმეს რომ შეეფეთა, ფიცხლად გაიქცა და ისეთი კივილი მორთო, კლდეები ბანს გამოსცემდნენ.
ჭაბუკმა აღარ დაახანა, სწრაფად ჩამოხტა, დაეწია და შეიპყრო. ქალი არწივის კლანჭებში მოქცეული კაკაბივით ძრწოდა და ცდილობდა თავი დაეხსნა უცნობისაგან, ვისი შეხედვაც კი ზიზღსა ჰგვრიდა. მშველელად ტარიელს უხმობდა, მაგრამ სადღა იყო.
ავთანდილმა მოწიწებით მუხლი მოუყარა და ეხვეწებოდა: გაჩუმდი, ადამიანი ვარ, მხეცი ხომ არა, ნუ გეშინია, არაფერს გერჩი! აგრე რომ გაჰკივი, რა დამიშავებია? იმ მოყმის ამბავი მიამბე და შენგან მეტი არა მინდა რაო:

"უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?”

- დამეხსენი, თუ გიჟი არა ხარ, ხოლო თუ გიჟი ხარ, ჭკუაზე მოდი! - ტირილით შესჩივლა ქალმა. - მეტად ძნელი რამის გაგება ადვილად გწადია: მას რომ გადახდომია, კალმით არ აიწერება, ტყუილუბრალოდ დროს ნუ ჰკარგავ და `ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა!” რას გადამეკიდე, რა გინდა ჩემგან? სულერთია, რამდენჯერაც მეტყვი, მითხარიო, ასი იმდენჯერ, ვერა-მეთქი, გიპასუხებ. ნირს მაინც ვერ შემიცვლი: "ვითა სიცილი ტირილისა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”. 
- შენ რა იცი, საიდან მოვსულვარ და რა ჭირი გამომივლია! - უთხრა ავთანდილმა, - რა ხანია ვეძებ იმ მოყმის ამბავს და აქამდე ვერავინ ვნახე, რომ სცოდნოდა. ახლა შენ მიპოვნიხარ და, რაგინდ განაწყენებულიც იყო ჩემზედ, ვერ დაგეხსნები, მაინც უნდა მიამბო.
- ეს ვის გადავეყარე, - თქვა ქალმა, - სად მე და სად შენ?! ის რომ აქ არ არის, ამდენს იმიტომ ბედავ: "მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!” გრძელი სიტყვა მოსაბეზრებელია და მეც მოკლედ მოგახსენებ: ვერაფრის გულისთვის ვერ გიამბობ, რაც გინდა, ისა ქენი!
ავთანდილმა კვლავ აფიცა და მუხლმოყრილი ევედრა, მაგრამ ვერაფერი ათქმევინა. ბოლოს, ხვეწნა-მუდარა მოეწყინა, სახე აელეწა, თვალებში სისხლი მოაწვა, გაგულისებული ქალს მივარდა, თმებით დაითრია და ყელში დანა დააბჯინა:
- ვერა, ამდენ ჯავრს ვერ შეგარჩენ! როგორ თუ მატირებ და ცრემლს ტყუილად მადენ?! გირჩევნია მითხრა და ამის მეტს აღარას დაგიშავებ, თუარა, ღმერთმა ისე მტერი მომიკლას, როგორც შენ მოგკლა!
- ეგ მეტად უმწეო ხერხი მოგიგონია, - მიუგო ქალმა: - თუ არ მომკლავ, ხომ უვნებელი დავრჩები და, სანამ ჭირი მინახავს, რად უნდა გითხრა რამე? ხოლო თუ მომკლავ, მაშინ ხომ `სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი”.
ვერ გიცნობ, ვინ ხარ, რას გადამეკიდე?! სანამ ცოცხალი ვარ, მისი ამბის საამბობლად ენასაც ვერ დამაძვრევინებ, მირჩევნია, თავი ნებით შეგაკლა და `ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო”. ნუ გგონია,, რომ სიკვდილი ტანჯვად მიმაჩნდეს და ამით შემაშინო. თუ მომკლავ, პირიქით, ტირილსა და ვაებას მომაშორებ, `შემშრების ცრემლთა ფონია”. სიცოცხლეს ჩემთვის მაინც ჩალის ფასიღა აქვს.
ვერა, ასე მართლაც ვერაფერს ვათქმევინებ, სხვა რამე უნდა მოვისაზროო, გაიფიქრა ავთანდილმა. ასმათს ხელი უშვა, ცალკე დაჯდა და ცრემლთა ფრქვევა დაიწყო. ქალს მოუბოდიშა: ვაი, რომ გაგარისხე, და ახლა, არ ვიცი, ცოცხლას რაღა დამარჩენსო! ქალი პირდაპირ დაუჯდა და ჯერ ისევ მწყრალად შესცქეროდა, არ მომტკბარიყო.

"ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია,
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია."

ასმათს მტირალი მოყმე შეებრალა და მდუღარე ცრემლს ამაზედ ღვრიდა. მაგრამ, უცხო კაციაო, ამიტომ არას ეუბნებოდა. ავთანდილმა შეატყო, რომ ქალს გული დაეწყნარებინა და აღარ უწყრებოდა. ჭაბუკი ადგა, მუხლი მოუყარა და თვალცრემლიანი შეეხვეწა, შენდობა სთხოვა:
- გაგარისხე და, ვიცი, ახლა უკვე დობას ვეღარ გამიწევ, შენგან ყარიბად და ობლად შთენილს. მაინც გთხოვ მაპატიო, "ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად”. თუმცა სამსახურის გასაწევად თავი `ავად მოგაწონე” და ღირსი არა ვარ დამეხმარო, მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ მიჯნურს შებრალება უნდა. ნუ გამწირავ, გული მოიბრუნე და სანაცვლოდ თვით სიცოცხლესაც არ დავიშურებ შენთვის: `სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”
ქალმა რომ მოყმისაგან, მიჯნურიო გაიგონა, ცრემლი გაუასკეცდა და გულამოსკვნილმა ხმამაღლა ტირილი მორთო. ავთანდილი საწადელს ეწია და გაიხარა: ამ სიტყვის გაგონებაზე ფერი უმიზეზოდ არ შეეცვლებოდა, უეჭველად ვისიმე მიჯნურობით მალიმალ აფრქვევს ცხარე ცრემლსო, გაიფიქრა ჭაბუკმა და ასმათს კვლავ უთხრა:
- დაო, მიჯნური მტერსაც კი შეებრალება. ესეც იცი, იგი არათუ თავს არიდებს სიკვდილს, თვითონ დაეძებს მას. მეც ხომ

"ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად,
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად,
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად!
გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად”.

იმ მოყმის სახე გულში ღრმად ჩამიბეჭდავს და საძებნელად გახელებული გამოვჭრილვარ, ლხინსა და სიხარულს მოკლებული. ახლა შენ ხელთა ვარ: გინდ დამატყვევე და გინდ თავისუფლება მომანიჭე, ან მომკალი და ან მაცოცხლე!
- ეგ კი კარგი რამ მოიგონე და თქვი, წეღანდელზე ბევრად უკეთესი, - უკვე სიამტკბილობით უთხრა ქალმა. - წეღან რომ გულში მტრობის თესლი ჩამითესე, იმიტომ არ წაგიდე თავი, გზა-კვალი აგირიე და დაგაღონე. მაგრამ, რახან შენდა ბედად მიჯნურობა ახსენე, ამიერიდან დაზედ უფრო ერთგული მოყვარე გიპოვნივარ, შენი ნება-სურვილის მონა-მორჩილი. ახლა, რასაც გეტყვი, გამიგონე და, შენ რომ დაეძებ, იმას უეჭველად იპოვი.

"თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები!”

- შენი ნათქვამი, აი, რას მაგონებს, - მიუგო ავთანდილმა: - გზაზე თურმე ორი კაცი მიდიოდა, ერთი წინ, მერე კი კარგა მოშორებით. უკანამ ნახა, რომ წინ მიმავალი ჭაში ჩავარდნილიყო. ოხვრითა და ტირილით ჩასძახა: მეგობარო, მანდ მომიცადე, თოკის მოსატანად წავალ, შენი ამოყვანა მწადიანო. ქვემოთას ამის გაგონებაზე მწარედ გასცინებოდა და მეტად გაოცებულს ამოეძახა: - `არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”
- ახლა, დაო, ჩემი ყელის საბელი შენ ხელთაა, უშენოდ უმწეო ვარ, - დასძინა ავთანდილმა. - შენ იცი, რასაც მიწამლებ გახელებულსა და გონებაარეულს. ამ დღეში რომ ვარ, მიტომ გთხოვ შველას, თორემ აუტკივარი თავი ვის შეუხვევია!
- შენი ნაუბარი მომეწონა, - უთხრა ქალმა, - გეტყობა, უეჭველად კარგი ჭაბუკი ხარ, ბრძენთაგან საქებარი. რახან აქამდე ამდენი ჭირი აგიტანია, გამიგონე და ახლაც იქონიე ცოტაოდენი მოთმინება. რასაც ეძებდი, ეს-ესაა გიპოვნია კიდევაც, ოღონდ ერთი რამ იცოდე: იმ მოყმის ამბავი ენით უთქმელი და დაუჯერებელი რამეა, ვერასგზით რომ ვერ ეზიარები, თუ თვითონვე არ გიამბო. თვალთ ცრემლი შეიშრე, დაწყნარდი და მოთმიებით დაელოდე:

"მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,
დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების”.

თუ ჩვენი სახელის გაგება გწადია, გეტყვი: იმ მოყმეს ტარიელი ჰქვია, მე კი - ასმათი. ურვისაგან გაშმაგებული ერთ ადგილას ვერ ძლებს, გაიჭრება და "მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა”. მეც აქ გაუნელებელი ცეცხლით ვიწვი და სულ ოხვრა-კვნესაში ვარ. ნანადირევი მოაქვს და იმით ვსაზრდოობთ.
მეტს ნურას მკითხავ. გევედრები, არსად წახვიდე, მოიცადე. რომ მოვა, შევეხვეწები და რამეს მოვაგვარებ: ერთმანეთს გაგაცნობთ, ვეცდები შენი თავი შევაყვარო, მერე კი ყველაფერს თვითონვე გიამბობს. შენც სატრფოს სურვილს აუსრულებ და გაახარებ.
ავთანდილს ასმათის რჩევა ჭკუაში დაუჯდა და დაყაბულდა, ხელი ხელს დაჰკრეს. ამ დროს ხევიდან ხმაური მოესმათ და მიიხედეს - ტარიელს მდინარე უკვე გადმოევლო: `მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება”. მყისვე მოშორდნენ იქაურობას, გაერიდნენ.
- ხედავ, რაც გეწადა, ღმერთმა აღარ გალოდინა და გიბოძა, - უთხრა ქალმა ავთანდილს, - ოღონდ ჯერ გამოქვაბულში უნდა დაიმალო. ძეხორციელი არავინაა, რომ იმ მოყმეს უვნებლად გადაურჩეს. როგორმე უნდა გავახერხო, შენი ნახვა ეამოს.

"ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა,
ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
და დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,
და სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები."

ასმათმა კვესით ცეცხლი დაათნო, ხორცი შეწვა და ტარიელს აუქნელად მიართვა. მან უხალისოდ ერთი კი ახლიჩა და ძლივს პირში ჩაიდო, მაგრამ უცოხნელივე გამოყარა. ჭამას თავი ანება და დასაძინებლად მიწვა. ის იყო თვალი მოატყუა, რომ შეკრთა, ხმამაღლა წამოიყვირა და გიჟივით წამოიჭრა, `იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი”. ასმათი საცოდავად კუთხეში მიყუჟულიყო და, მისი შემყურე, სიმწრით სახეს იკაწრავდა.
- რად დაბრუნდი, ხომ არაფერი შეგემთხვა? - ჰკითხა ქალმა.
- გზად ერთი მეფე გადამეყარა, - მიუგო მან, - მინდვრად გამოსულიყო და ნადირობდა, მხეცთა მომრეკელნი გარეშემო მიმოეფანტა. უთვალავი ლაშქარი და დიდძალი ბარგით დატვირთული აღალი ახლდა. `სევდად მეცა კაცთა ნახვა”, გულს მწველი ცეცხლი უფრო შემომენთო. ახლოსაც არ გავკარებივარ, ჩემივე თავი შემებრალა, ვიცოდი, უარესად გავხდებოდი. გამკრთალი უკან გამოვბრუნდი და ტყეში დავიმალე: იქნებ გზა ამიქციოს, არადა ხვალ წავალ, როგორც კი გათენდება-მეთქი.
- უღრან ტყეში მარტოდმარტო მხეცებთან რომ დადიხარ და ძეხორციელს არავის იახლებ, - უთხრა ქალმა და ცრემლი ღვარად გადმოედინა, - მაგით იმას ხომ ვერას არგებ და ამაოდ რაზე იმწარებ სიცოცხლეს, `დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?” მიწის პირი ერთობ შემოგივლია და ნუთუ ერთი კაცი მაინც ვერ ნახე, რომ დარდის მომაქარვებლად, შემაქცევრად თან იახლო?! თუ თვითონვე გეახლოს, იცოდე, შენებურად ნუ გაშმაგდები და არ ეკვეთო: ჭირ-ვარამი არც უამისოდ გაკლია და რა მადლი იქნება შენთვის, რომ ერთმანეთს თავი შეაკლათ?
- დაო, ეგ შენი ნათქვამი შენი გულივით სიკეთით სავსეა, - მიუგო ტარიელმა, - მაგრამ რა ვქნა, ჩემი წყლულის წამალი რომ არსად არის!@ვის შეუძლია იპოვოს ასეთი კაცი, თუ იგი ქვეყნად არც გაჩენილა? ჩემი ერთადერთი შვება და ლხენა სიკვდილია, სხვა არაფერი. ღმერთს ჩემს ბედობაზე კაცი არსად დაუბადებია, მასთან სიახლოვე და საუბარი კიდევაც რომ მწადდეს. შენ გარდა, დაო, ხორციელი არავინა მყავს. სხვას ვის აუტანია ან თუნდაც ვინ ცდილა აეტანა ესოდენი გასაჭირი?!
- მეშინია, ამას რომ გეუბნები, და ძალიან გთხოვ არ გამიწყრე, - შეჰკადრა ქალმა: - რახან ღმერთმა წილად მარგუნა შენი მრჩეველი და მეხვაშიადე ვიყო, იმას როგორ დაგიმალავ, რაც რამ უკეთესი მინახავს. ოღონდ ჯერ ეს უნდა გითხრა, რომ უსაზომო არაფერი ვარგა, შენ კი ზომას გადასულხარ.
- არ ვიცი, რას მეხვეწები, გამაგებინე მაინც, - უთხრა ტარიელმა. - უღვთოდ საიდან გავაჩინო ისეთი კაცი, ვინც მხარში ამომიდგება და ჩემს ჭირ-ვარამს გაიზიარებს?! როცა ღმერთს ჩემი უბედობა სწადია, მე რა უნდა გავაწყო? ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ ასე გავნადირდი, ამ დღეში ჩავვარდი.
- მომეტებული რჩევა-დარიგებით თავი შეგაწყინე, - მოახსენა ასმათმა, - მაგრამ, თუ ისეთი კაცი მოგგვარო, თავისი ნებით გეახლოს და მისი გაცნობით ილხენდე, დაიფიცე, არ მოჰკლავ და არც არას ავნებ.
- თუ მიჩვენებ, დიდად გავიხარებ, - მიუგო ტარიელმა. - თვით მის სიყვარულს ვფიცავ, ვის გამოც გახელებული ველად გამოვჭრილვარ, რომ იმ კაცს `არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ”, შევიტკბობ და ვაამებ, რაც კი ჩემგან ეამება.

შეხვედრა ტარიელისა და ავთანდილისა

ასმათი ადგა და ავთანდილის მოსაყვანად წავიდა. არ ეწყინაო, შეაგულიანა, "ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად”. ტარიელმა რომ დაინახა, მზესა ჰგავსო, გაიფიქრა:

"გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოფენდეს ქვე ბარად,
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად,
და ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე დარად!

მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
და ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს."

მერე ერთად დასხდნენ და მდუღარე ცრემლი დიდხანს სცვიოდათ. ასმათი აწყნარებდა, ევედრებოდა: "თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა!” ტარიელს სიცოცხლის ხალისი ჯერ მთლად არ ჩაქრობოდა, მისი "ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული”.
- შენი ამბის შეტყობას ვისწრაფი, - უთხრა მან ავთანდილს. - მე სიკვდილსაც აღარ ვახსოვარ, მომიძულა და ხელი ამაღო. შენ კი ვინ ხარ ან აქ საიდან მოხვედი?!
- "ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია”, - მოხდენილად მიუგო ავთანდილმა, - მე არაბი ვარ, არაბეთს მიდგას სარა-სასახლენი. ჩემი ხელმწიფის ასული მიყვარს, მიჯნურობის გაუნელებელი ცეცხლით ვიწვი. არ მიცნობ, მაგრამ, თუ გაგონდება, ნახვით კი გინახივარ, - დასძინა მან და ტარიელს როსტევანის ლაშქრის შემუსვრის ამბავი შეახსენა.
- მას აქეთ ბევრი გძებნეს, მაგრამ შენი კვალი ვერსად მიაკვლიეს. მერე ჩემმა დამწველმა, მშვენებით რომ "ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია”, მე გამომგზავნა და მიბრძანა, იმ გადაკარგული მოყმის ამბავი შემიტყვე და გულის საწადელს მაშინ გწევო.

"სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
არ გიკვრის, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!”

აქამდე შენი მნახავიც ვერავინ მეპოვნა. ახლა ხატაელ მძარცველებს წავაწყდი, შენ რომ მათრახით ჭკუაზე მოგეყვანა, და ამათ მომასწავლეს.
ტარიელსაც მოაგონდა მაშინდელი მათი ომი:
- მახსოვს, თუმცა ეს დიდი ხნის წინათ იყო, - თქვა მან, - შენ და შენი გამზრდელი ერთად გნახეთ, სანადიროდ გამოსულნი. ჩემი დამღუპველი მომგონებოდა და იმაზედ ვტიროდი. რას მერჩოდით, რა გინდოდათ ჩემგან, საერთო და საზიარო, აბა, რა გვქონდა?! თქვენ გალაღებულნი დროს ატარებდით, მე კი ღაწვებზე ცრემლი ღვარად ჩამომდიოდა. გათამამებულებმა ქვეშევრდომნი შესაპყრობლადაც კი დამადევნეთ, მაგრამ, ვგონებ, "ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით”.
ერთი კიდევ მოვიხედე და, რა დავინახე, შენი პატრონი მომწეოდა, ხელმწიფობით დავინდე და ხელი არ ვახლე, ხმაც არ გამიცია, ისე გამოვეერიდე და გამოვფრინდი ჩემი ცხენით, უჩინარს რომ ჰგავს: წამწამის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს კაცი, ისე გამომაქროლებს და გავშორდები, ვისგანაც კი უსიამოვნებას მოველი.
იმ ხატაელთაც მიღმა არას მივერჩოდი, უშნოდ და კადნიერად ჩემი მორევნა რომ არ მოენდომებინათ. ახლა მარჯვედ მოხვედი, დიდად მეამა, "ტანად სარო და პირად მზე” გმირი ვაჟკაცი რომ გნახე! გარჯილხარ, მაგრამ გასაჭირი უკვე გამოვლილი გაქვს, უკან მოგიტოვებია. რა გაეწყობა, ძნელია იპოვო ქვეყნად ღვთივ განაწირი კაცი.
- მაგ ქების ღირსი სულაც არა ვარ, თვითონვე ბრძენთა საქებელო! - მიუგო ავთანდილმა, - "სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა”, ამდენმა ტანჯვა-ვაებამ და ცრემლთა დენამ ამიტომაც ვერ შეგცვალა!

"ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა,
დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა,
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

- გაოცებული ვარ, - თქვა ტარიელმა, - მე რომ შენთვის სამაგიერო სიკეთე არაფერი გამიწევია, ასე გულმხურვალედ როგორ მექცევი?! მაგრამ წესია, მიჯნურს მიჯნური შეიბრალებს. სატრფოს მაინც ვერ დაგაშორებ, გულისსწორს არა შეეწონება რა! ჩემ საძებრად მას გამოუგზავნიხარ და, აი, ღვთის ნებით გიპოვნივარ, შენც ვაჟკაცური ცდა არ დაგიკლია. ოღონდ ახლა ჩემს ამბავს რა გიამბობს, იმას რა ენა იტყვის, თუ რადა ვარ ველად გაჭრილი! მე თვითონვე ვთქვა, გაუნელებელი ცეცხლი დამწვავს და დამანაცრებს.
- მაგ ცეცხლს, ლომო, ცრემლით რას უშველი! - შეჰკარდრა ასმათმა. - მე არ შემფერის გაქეზებდე, უამბე-მეთქი. თავად მოგეხსენება, "არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”. და მაინც ვერ გავჩუმებულვარ: რახან ამ მოყმეს, ვხედავ, შენთვის თავი გამოუდვია, "ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების”. უამბე და, მგონია, გიშველის რასმე. მეც ბევრი მეხვეწა, ბევრს ეცადა მეამბნა, მაგრამ ამას როგორ ვიზამდი, თუნდაც ღმერთს საამისოდ ძალი და გაძლება მოეცა!
ტარიელი საგონებელში ჩავარდა. ისედაც დამწვარსა და ალმოდებულს ეძნელებოდა ცეცხლზე კიდევ ნავთი დაესხა.
- რაც გამოვჭრილვარ, მას მერე სულ ჩემთანა ხარ და რად ვერ მიხვდი, რომ ჩემი წყლული უკურნებელია, `უწამლო არს ლები ესე ლებული!” - შეუტია ასმათს. - არადა აქეთ ცხარე ცრემლით მტირალი ეს მოყმე მითუთქავს გულს. 
ეს თქვა და ახლა ავთანდილს მიუბრუნდა:
- მისმინე და გიამბობ. რაც გინდა დამემართოს, არას დავიშურებ შენთვის, რახან ერთმანეთს ვეძმეთ. მე თუ ვიღუპები, შენ მაინც იცოცხლე და გაიხარე.

"ყმასა უთხრა: `ვინცა კაცმა ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს.
ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მერე არ წაწყმიდოს!
შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

მოდი, ახლოს დამიჯექი, - უთხრა ასმათს, - თან წყალი მომიტანე და გონმიხდილს მოსაბრუნებლად მკერდზე მაპკურე ხოლმე. მოვკვდე, მოთქმა-ვაებით დამიტირე და სამარე გამითხარე, აქვე დამმარხე, "აქა მიწა მიაკვანე”.
ღილები შეიხსნა, სამოსიდან მხრები ამოყარა, თითქოს ევიწროებაო, და საამბობლად გაემზადა. "ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა”, ბაგეები გაშეშებოდა, სიტყვის სათქმელად ვერ გაეღო. მერე ერთთავად ხმამაღალი ოხვრა-ქვითინი აღმოხდა და მდუღარე ცრემლი გადმოყარა.

"მოთქვამს: `ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”

 მისმინე, გულისყური მომაპყარ და ჩემს ამბავს გიამბობ, თუმცა უზომოდ მიმძიმს, ენას ძლივსღა ვიბრუნებ. ვაი, რომ მისგან გახარებას არასდროს მოველი, ვისთვისაც გავშმაგებულვარ და "ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა”.
- ინდოეთის შვიდი სამეფოდან ექვსი ფარსადანს ეპყრა, უხვსა და მდიდარ ხელმწიფეს, "ტანად ლომსა და პირად მზეს”, ამაყსა და უძლეველ მეომარს, ერთი რომ მთელ რაზმს უმკლავდებოდა. მეშვიდე სამეფოს მამაჩემი, სარიდანი, ფლობდა: მტერი შეემუსრა და შიშის ზარი დაეცა, ვერც აშკარად და ვერც ფარულად საზიანოს ვერავინ ვერას უბედავდა, ცხოვრობდა მშვიდად და დროს სიამით ატარებდა, `ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი”.
- მტერი ხომ ყველგან დამიჩოქებია, შორს გამირეკავს და მომიჯნავე მიწებიც წამირთმევია, - გაიფიქრა ერთ დღეს სარიდანმა, - ტახტზე დიდებით ვზივარ და ვზეიმობ. მაინც ვერ მომისვენია; მარტოობა მომბეზრდა, გულს კაეშანი შემომწოლია. წავალ, მეფე ფარსადანს ვეახლები, მთელი ინდოეთის ხელმწიფეა და ჩემს სამეფოსაც მოეპატრონოსო.
- მოციქული მიუგზავნა და შეუთვალა, ქვეშევრდომად შემიწყნარეო: მინდა თქვენ წინაშე ჩემი ძალ-გულოვნება გამოვცადო და ერთგული ნამსახურობის სახელი დამრჩესო. ფარსადანმა ეს რომ გაიგო, დიდად გაიხარა და პასუხად შეუთვალა: ღმერთს მადლობას ვსწირავ, რომ მეფემ, ვისაც ინდოეთს ტახტი ჩემებრ გიპყრია, ეს მოიწადინეო, მობრძანდი, "ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.
- ფარსადანმა ამირბარობა უბოძა და ერთი სამეფო საგამგებლოდ დაუმტკიცა. ამიერიდან ცალკე სამეფოს მეფე აღარ ერქვა სარიდანს, თორემ ისე კი არაფერი დაჰკლებია. ხელმწიფემ, როგორც ტოლი და სწორი, ისე მიიღო, მისით თავიც მოსწონდა, ამბობდა: სანაძლეოს ვდებ, თუ ვინმეს ჩემებრი ამირბარი ჰყავდესო. სარიდანიც კმაყოფილი იყო:

"ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
მას არა ვგჰავ, ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა”.

- ინდოეთის ხელმწიფეს და "დედოფალსა მზისა დარსა” ერთი დიდი სადარდებელი გასჩენოდათ: შვილი არა ჰყავდათ, თუმცა საამისო ჟამი კარგა ხანია მოსულიყო. ამ ამბავს ლაშქარიც შეეშფოთებინა.
- წყეულიმც იყოს ის დღე, რა დღესაც მე ამირბარს შევსძენივარ! ფარსადანს გახარებოდა და ებრძანებინა: შვილად გავზრდი, ჩემებრ ეგეც ხომ ხელმწიფის გვარისა არისო. მართლაც, მეფე-დედოფალმა შვილად ამიყვანეს და ტახტის მემკვიდრედ მზრდიდნენ. ბრძენთ მიმაბარეს, რომ ხელმწიფური წეს-ჩვეულებანი მესწავლა. ასმათ, შენა ხარ მოწმე, ახლა რომ ფერმიხდილი ვარ, მაშინ:

"მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა,
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: მსგავსია ედემს ზრდილისა,
აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა”.

- ხუთი წლისა ვიყავი, დედოფალი რომ დაორსულდა. 
ტარიელმა ამოიოხრა, მერე თვალცრემლიანმა დასძინა, ქალი გაუჩნდაო. რა ეს თქვა, გული შეუღონდა. ასმათმა მკერდზედ წყალი აპკურა და მოაფხიზლა. მოყმემ ღონე მოიკრიბა და განაგრძო:
- ფარსადანმა დიდი ლხინი და ზეიმი გამართა. ყოველი მხრის მეფენი ნაირნაირი ძვირფასი ძღვენით ეწვივნენ და მიულოცეს. ხელმწიფემ უამრავი განძი გასცა, ლაშქარი საბოძვარით აივსო.
- ზრდა ერთად დაგვიწყეს. მეფე-დედოფალს თანაბრად მივაჩნდით და ვუყვარდით. ისეთი იყო, "ქება არ ითქმის ენითა”, მაშინვე მზესა ჰგავდა, მისი შუქი მზისაზე სამგზის მეტადაც ნათობდა! ახლა იმ ჩემი დამდაგველის სახელი უნდა ვახსენო...…
აქ უკვე ვეღარ გაუძლო და გონი დაკარგა. ავთანდილსაც ტირილი მოერია, მისი ცეცხლით გული დაეწვა. ქალმა ტარიელს წყალი ასხურა და მოასულიერა.
- მისმინე და მაინც გიამბობ, თუმცა ჩემი სიკვდილის დღე, ვხედავ, ახლა კი ნამდვილად მოსულა. მეფის ასულს ნესტან-დარეჯანი ერქვა. შვიდი წლისა უკვე დინჯი და გონებადაუნჯებული შეიქნა. აბა, თვალადობა რაღა საკითხავია:

"მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი,
მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!”

ამ დროს მე უკვე შემეძლო ომში მტერი მემუსრა. ფარსადანმა რა შეატყო, რომ მეფობა მის ასულს ეწადა, მე მამასთან დამაბრუნა. დროს ბურთაობასა და ნადირობაში ვატარებდი, "ვით კატასა ვხოცდი ლომსა”.
- ნესტანს ხელმწიფემ ცალკე სასახლე აუგო:

"ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,
კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა.
იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!”

დღე და ღამე სასაკმევლით ალვას უკმევდნენ. ხან კოშკში იყო, ხან კიდევ, როცა ჩრდილი იდგა, ბაღში ჩამოვიდოდა. სასახლეს ფანჯრები ძვირფასი ფარდებით ჰქონდა მოფარდაგული და "ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა”. გადიოდა დრო, "მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა”. თან ასმათი და ორი მსახური ახლდა, სიბრძნის მასწავლებლად კი ხელმწიფის და, დავარი, ჰყავდა მიჩენილი:

"დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი”.

- მეფე საკუთარ ძესავით მზრდიდა და გვერდიდან აღარ მიშორებდა: დღისით ხომ განუყრელად მასთან ვიყავი, ღამითაც დასაძინებლად შინ აღარ მიშვებდა. თხუთმეტი წლისა მოწიფული ვაჟკაცი გავხდი, "ძალად ლომსა, თვალად მზესა. ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა”, სროლასა და ასპარეზობას მიქებდნენ:

"მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან,
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან, 
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან,
აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!”

- დიდი უბედურება მეწვია, მამა მომიკვდა. ფარსადანს შვება-ლხენა გლოვად შეეცვალა. ვინც სარიდანის შიშით ძრწოდა, მისი სიკვდილით გული დაიამა, მტრები ხარობდნენ, ხოლო ერთგულთ და მოკეთეთ ვაება შეექნათ.
- მე ბნელში ვიჯექი სიცოცხლეგამწარებული, დღედაღამ მოთქმა-ტირილისა და ოხვრა-კვნესისაგან ვერავის დავეწყნარებინე. ამ ყოფაში ერთი წელიწადი რომ დავყავი, ჩემ გასაყვანად დიდებულები მოვიდნენ, მეფეს გამოეგზავნა და შემოეთვალა: "შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული! ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა” შავი სამოსის გახდა ებრძანებინა, მამაჩემის ნაცვლად ამირბარობა და მისივე საგამგებლო ერთი სამეფო სრულად ებოძებინა, ასი საგანძურიც ზედ დაერთო.
- ეს რომ გავიგე, მწუხარების ჩაუქრობელი ცეცხლი ერთთავად მომედო, "ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა”. რას ვიზამდი, გამოვყევი და დიდებულებმა უკუნი ბნელიდან გამომიყვანეს. მეფე-დედოფალმა დიდი პატივი დამდო: შორს მომეგებნენ, მშობლებივით გადამეხვივნენ და ჩამკოცნეს, ისე მეპყრობოდნენ, როგორც ღვიძლ ძეს. გლოვიდან ჩემი გამოსვლის გამო ზეიმი შექნეს.
რა ნადიმად დასხდნენ, ახლოს დამისვეს, მამაჩემის ორივე საგამგებლო დინჯად შემომთავაზეს. შევეურჩე, მისი მაგივრობის გაწევის ფიქრით შეძრწუნებული, "მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად”, მაგრამ არ მომეშვნენ და მეც დავმორჩილდი. მას შემდეგ დიდი ხანია და ბევრი რამ დავიწყებული მაქვს, აღარ მახსოვს, და მაინც გიამბობ ჩემს ამბავს, რაგინდ გამიძნელდეს. ვაი, რომ:

"ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.

ტარიელის გამიჯნურების ამბავი

- ერთ დღეს მე და მეფე ნადირობიდან ვბრუნდებოდით, - განაგრძო ტარიელმა, კარგა ხნის ტირილის შემდეგ გული რომ შეიმაგრა. - ფარსადანმა ხელი ხელს ჩამკიდა და, ასულს მოვინახულებო, წამიყვანა. იმ ჟამს რომ ვიხსენებ, არ გიკვირს, სული როგორღა მიდგას?!
- ბაღში შევედით. იმის უტურფეს მოსალხენსა და განსასვენებელს კაცის თვალი ვერ ნახავდა. ფრინველები სირინოზის ხმაზე უფრო საამოდ გალობდნენ. ღარებიდან ბევრგან იღვრებოდა ვარდის წყალი. კარვის კარს ოქსინოს ფარდაგები ფარავდა.

"მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!"

ვიცოდი, ფარსადანის წადილი იყო "არვისგან ნახვა მის მზისა დარისა”. მეფემ კარი შევლო, მე კი გარეთ გავჩერდი. ვერაფერს ვხედავდი, მარტო მათი საუბარი მესმოდა. ფარსადანმა ასმათს უბრძანა, დურაჯები გამოართვი და მოიტანეო.

"ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა,
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა.
ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!"

ახლა სადღაა, დაიკარგა, ვისი ნათელიც თვით მზისას ამეტებდა: `აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!”
რა ეს თქვა, მის გახსენებას ვეღარ გაუძლო, მწარედ ამოიგმინა და გონი წაუვიდა. ასმათსა და ავთანდილს თავი ვეღარ დაემორჩილებინათ, მათი ტირილის ხმას არემარე ბანს აძლევდა. გული ეკუმშებოდათ, "გმირთა მემუქარე” ვაჟკაცს ასეთ ყოფაში ჩავარდნილს რომ ხედავდნენ.
ქალმა ტარიელს წყალი ასხურა და მოასულიერა, მაგრამ ჭაბუკმა დიდხანს სიტყვა ვეღარ გაიღო: სევდას სულმთლად დაეპყრო, მწარედ ქვითინებდა და ცრემლით ალბობდა მიწას. მერე ძლივს ამოთქვა. `ვამე, რა დიდი ზარია” ჩემთვის მისი ხსენებაო, და წუთისოფლის სიმუხთლეც დაიჩივლა:

"მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან."

- დურაჯები მივეცი და... თავგზა ამებნა, მკლავი მომიდუნდა და მუხლი მომეკვეთა, გულწასული ჩავიკეცე. ცოტათი გონს რომ მოვეგე, ტირილისა და ვაების ხმა შემომესმა თვალი გავახილე და დავინახე, "გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა”. დიდ დარბაზში ვიწექი, ძვირფასი საგებელი მეგო. ხელმწიფე თვალცრემლიანი თავს მადგა, დამტიროდა და სახეს იხოკდა. დედოფალს ცრემლის ზღვა დაეყენებინა. შემლოცველნი მოეწვიათ და მათ ეთქვათ, ეშმაკეული სენიაო.
- მეფემ თვალგახელილი რომ მნახა, ყელზე მომეხვია და ცრემლნარევი ხმით მითხრა: შვილო ტარიელ, ნუთუ ცოცხალი ხარ, ხმა ამოიღე, თქვი რამეო! მე პასუხი ვერ გავეცი, შმაგივით შევკრთი, გულს სისხლი მომაწვა და გონი კვლავ დავკარგე. 
- თუკი სადმე შემლოცველი და სჯულისმოძღვარი იყო, ყველა თავს დამახვიეს. ხელთ ყურანი ეპყრათ და ყველა იმას მიკითხავდა. აქაოდა ავი სული დასცემიაო, არ ვიცი, რაებს ჩმახავდნენ. სამი დღე უგონოდ ვიყავ, `ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან”. ზოგჯერ გიჟივით წამოვიჭრებოდი და სიტყვას არეულად წამოვროშავდი. მკურნალთაც უკვირდათ: ეს როგორი სენია?! ეტყობა, `სევდა რამე შემოჰყრია”, სხვაფრივ სამკურნალო არა სჭირს რაო.

"სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი,
მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი”.

ჰაი, რა დღეში ვარ, სიცოცხლის ნიშანწყალი წამსვლია-მეთქი! - გავიფიქრე და შემოქმედს შევევედრე: - შეისმინე ჩემი ხვეწნა-მუდარა, ნუ გამწირავ, გაძლების ძალა მომეცი, ცოტათი მაინც გამამაგრე, რომ შინ მივლასლასდე, აქ ყოფნა გამამჟღავნებს-მეთქი. ღმერთმა შემიბრალა და მისი წყალობით "მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე”.
- წამოვჯექი. ამბის შესატყობად მეფე კაცს კაცზე გზავნიდა და, რომ ახარეს, წამოჯდაო, თავშიშველი გამოიჭრა, სიხარულით არ იცოდა, რა ექნა. დედოფალიც სირბილით წამოსულიყო. აქეთ-იქით მომისხდნენ და საკუთარი ხელით მიმასპინძლეს, "მახვრიტეს სახვრეტელია”.
- მეფეს მოვახსენე: პატრონო, ახლა გული უკეთ გამიხდა, ცხენზე შეჯდომა მომენატრა, მინდა არემარეს თვალი მოვავლო-მეთქი. ცხენი მომგვარეს, შევჯექი, მეფეც თან გამომყვა. მივიარ-მოვიარეთ და მერე შინისაკენ გავემართე.
ხელმწიფე სახლამდე მიმყვა და უკან გავაბრუნე. შინ უარესად გავხდი, ცრემლსა და ნაღველს გავეყვითლებინე, გული უფრო დამწყლულებოდა:

"ზაფრანის ფერად შეცვლა ბროლი ცრემლისა ბანამან, 
გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან”.

ვნატრობდი, ნეტავი მოვკვდე, მეტის რისიღა ღირსი ვარ-მეთქი.
- ანაზდად მეკარემ შემოიხედა და ფარეში იხმო. დავინტერესდი, რაღაც ამბავი უნდა ყოფილიყო. ასმათის მსახური გეახლაო, მომახსენეს. ვუბრძანე, მოსვლის მიზეზი ეკითხათ. შემოვიდა და სააშიკო წერილი გადმომცა.
რა წავიკითხე, გავოცდი: გულის წამღებელ ტურფათაგან მოწონება და ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ ასმათისაგან ამას არ მოველოდი და დიდად მეწყინა, სევდა უფრო დამიმძიმდა. საიდან ვუყვარვარ ან ამის თქმა როგორ გამიბედა? მიუყოლობა მაინც არ ვარგა, უკადრისობაში ჩამომართმევს და, ჩემგან რომ იმედს გადაიწურავს, კიცხვას დამიწყებს-მეთქი, ვფიქრობდი მე. ავდექი და მივსწერე, რაც პასუხად აშიკობას შეშვენოდა.

"დღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,
ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა."

მკურნალთ ვერა მარგეს რა, გულს ბნელი კვლავ ბინდად შემომწოლოდა. სხვამაც ვერავინ შემატყო, თუ რა ცეცხლით ვიწვოდი. სისხლის სიმეტე დამწამეს და ხელმწიფემ ბრძანა, გამოუშვითო. გამოვაშვებინე, რომ ჩემი დარდი და ვარამი დამეფარა, მიზეზი არავის შეემჩნია.
- გულმილეული და სევდიანი საწოლს ვიწექი, მარტო ვიყავი. ფარეში შემოვიდა და, ასმათის მსახური გეახლაო, მომახსენა. ვუბრძანე შემოეყვანა. რას ამოვუჩემებივარ, საიდან სადა-მეთქი, გავიფიქრე. წერილი მომართვა, დუნედ და უხალისოდ წავიკითხე. შევატყვე, შეხვედრას ჩქარობდა. პასუხად მივსეწერე: მართალი ხარ, რომ გიკვრის რაზედ ვგვიანობ, მაგრამ ნუ გგონია, მოსვლას დაგზარდები, რაკი მიხმე-მეთქი. თუმცაღა რა მეასმათებოდა, გულში ლახვარგაწონილს.
- გაუძელი, ეგ ლახვარი ნუ დაგაღონებს და ნუ დაიმჩნევ! - ვიმხნევებდი გულს, - მე ასე არ შემშვენის: "ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ”, დაეჭვდებიან, საქმეს ათასნაირად გასინჯავენ და, თუ გამიგეს, მაშინ ხომ მათი მიწა-წყლიდან ფეხი უნდა ამოვიკვეთო, ინდოეთში აღარ გამაჭაჭანებენ-მეთქი.
- სასახლიდან კაცი მომივიდა, ამბის შესატყობად მეფეს გამოეგზავნა. შევუთვალე: მოვჯობინდი, თანაც ის უფრო მახარებს, მანდ რომ მოვდივარ და გეახლები-მეთქი. სასახლეში მისულს ხელმწიფე შემეხუმრა, შემაგულიანა: აბა, მსგავსი რამ მეტი ნურა დაგემართება რაო. მერე აღარ დაახანა და

"ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: "შაბა, შაბა!”

ნადირობიდან დაბრუნებულნი ნადიმად დავსხედით. დიდი მოლხენა იყო, სიმღერას სიმღერა მოსდევდა. მეფემ წვეულნი უხვად დაასაჩუქრა, `გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი”, ყველანი საბოძვარით აავსო.
- ვცდილობდი სევდა მომექარვებინა, მაგრამ ამაოდ. მას რომ `ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად”. 
ტოლ-სწორნი თან წავიტანე და შინ მივედი. ჩემი ტანჯვა და ჭირ-ვარამი რომ დამეფარა, ნადიმი გავმართე და სმა გავაჩაღე. ფარეშმა ყურში მიჩურჩულა: ქალი გეახლათ, ლამაზი პირისახე საბურველით მოუბურავს, თქვენ გკითხულობთ, ამირბარის ნახვა თუ შეიძლებაო. ვუბრძანე: საწოლს შეიყვანე, თვითონ დავიბარე-მეთქი.
- მე რომ ავდექი, ყველა წასასვლელად აემზადა. ვსთხოვე, არ დაშლილიყვნენ, მალე დაბრუნებას დავპირდი. გამოვედი და საწოლისაკენ გავწიე. მსახური კარის მცველად დავიყენე. გულს ვაქეზებდი, როგორმე გაეძლო და უღირს საქციელს არ მორიდებოდა: `გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად”.
კარი შევაღე თუ არა, ქალი წინ მომეგება და თაყვანი მცა, მოწიწებით მითხრა: ბედნიერია, ვინც თქვენ წინაშე მოსვლას ეღირსებაო. გამიკვირდა: საყვარელს თაყვანისცემით ვინ მისალმებია? ეტყობა, არ იცის აშიკობა-მეთქი, `თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”
- შევედი და ტახტზე ჩამოვჯექი. ქალი ნოხის კიდეს მოადგა და შეჩერდა, ჩემ გვერდით დაჯდომის ღირსად თავი არ ჩათვალა. ვუთხარი: მანდ რას უზიხარ, შენ თუ ჩემი სურვილი და სიყვარული გაქვს-მეთქი. მას ერთხანს არა უპასუხია რა, სიტყვაძვირობდა. მერე მითხრა:
- სირცხვილით ვიწვი, რომ მაგისთვის მოსული გგონივარ. მაგრამ `აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა”, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამის ღირსი ვიყო: საამისოდ ღმერთს წყალობა დაუკლია ჩემთვის. ძალიან, ძალიან მერიდება თქვენი, იმ წერილის გამო ახლაც გონება მებნევა. ოღონდ იცოდეთ, მე არაფერ შუაში ვარ: პატრონს ხათრი ვერ გავუტეხე, ესოდენ დიდი გამბედაობა მისი გულისთვის გამოვიჩინე. აი, წერილი და, რასაც მე ვერ გეტყვით, აქედან შეიტყობთო:

"ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია,
ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

ნესტან-დარეჯანის პირველი წერილი მიჯნურთან და ტარიელის პასუხი

ვნახე, მისგან იყო, ვისი ალითაც გული მედაგვის. "მოეწერა მზისა შუქსა”: ლომო, დარდსა და ტკივილს ნუ დაიმჩნევ, თავს რაზედ იკლავ, მე შენი ვარ, ოღონდ უაზრო გახელება და გონის დაკარგვა მძულსო:

"ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!

მთელი ხატაეთი ჩვენი მოხარკეა, ახლა ერთობ გამდგარან და ჩვენგან ეს არ მოითმინება, მათი ჯავრი ამომყარეო:

"წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე!
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?”

გამოგიტყდები, შენთან შეუღლება აქამდეც მეწადა, მაგრამ საიმისო ჟამი, აბა, როდის მოგვცემია, ერთმანეთისათვის რომ სურვილი გაგვემხილა. ამას წინათ კარვიდან ფარულად გიჭვრეტდი გახელებულს. რაც თავს გადაგხდა, ყველაფერი კარგად ვიცი. ახლა დამშვიდდი, გული დაიწყნარე: "მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!” დანარჩენს ასმათი მოგახსენებსო.
- მიბრძანა, ასე ვქნათ, ასე აჯობებსო, - თქვა ასმათმა, რომელიც უკვე აღარ მეკრძალებოდა და თამამად ლაპარაკობდა: - ვინც გინდა შეგამჩნიოს, ჩვენს ნაუბარს ნურავის გაუმხელ, ხოლო როცა ჩემ სანახავად თვითონ მოვა, ვითომ შენთან სააშიკოდ მოსულიყოს, "უთხარ, ასრე ნამუსობდეს” ამირბარიო, შემოგევედრათ.
- რჩევა ჭკუაში დამიჯდა, მომეწონა გონიერება და სიბრძნე

"მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა,
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა”.

ენა ვერ იტყვის, რა უზომო ლხინსა და შვებას მივსცემოდი. სიხარულით გული საგულეში აღარ მეტეოდა, გამალებით მიძგერდა და მეურჩებოდა. სახე ბედნიერების ღიმილს გაებადრა: "მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა”. წერილი თვალებზე დავიფარე, ვუყვავებდი, ვეალერსებოდი.
- "მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?” - მივსწერე პასუხად. - "მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!” თავი სიზმარში მგონია, ჩემი გადარჩენა ვერ დამიჯერებია. მაგრამ, რაკი მნათობად აღმომიბრწყინდი, აჰა, მკვდარი გავცოცხლებულვარ, ამიერიდან უგონოდ აღარ გავხდები. გწამდეს, არ გიმტყუნებ და შენს სამსახურს, რაც გინდა იყოს, თავს არ ავარიდებ-მეთქი.
- ბარათი ასმათს გადავეცი და დანანებით ვუთხარი, მეტი ვერაფერი დამიწერია-მეთქი. მერე ოქროს ჯამით რჩეული თვალ-მარგალიტი მივართვი. მან მარტო ერთი მომცრო ბეჭედი აიღო და თქვა: სხვა არა მინდა რა, სამახსოვროდ ესეც კმარა, სამკაული არ მაკლია, მისით სავსე ვარო. გამომეთხოვა და წავიდა.
- რა ბედნიერი ვიყავი მაშინ! გულს ლახვარი აღარ მისერავდა, "ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს”. შევედი და ტოლ-სწორებთან ნადიმადვე დავჯექი. მხიარულმა საბოძვარი უხვად გავეცი. ვზეიმობდით და ვხარობდით.

 ხატაეთის მეფეს მოციქული მივუგზავნე, მივსწერე: ღმერთმა ძლიერება ნუ მოაკლოს ინდოეთის ხელმწიფეს! თვითონ იცით, მისი ერთგული და გამგონე "გაძღების ყოველი სული მშიერი”, ხოლო ვინც უორგულებს და ურჩობას გაუწევს, სანანებელი შეექნება-მეთქი.

"ჩვენნო ძმანნო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით,
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
და სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით".

- მოციქული რომ გავისტუმრე, გულს უფრო მომეფონა, შვება ვიგრძენი. პასუხის მომლოდინე სამეფო დარბაზს ტოლებში ვნადიმობდი, დროს ვატარებდი. დავწყნარდი, რახან "დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები”.
ველად გაჭრას აღარ ვეპირებოდი, მაგრამ სურვილთა მოზღვავება ზოგჯერ ლხინს მაინც ჩამამწარებდა ხოლმე და სევდა რომ შემომაწვებოდა, წუთისოფლის გმობას მოვყვებოდი. მერედა რა ტყუილუბრალოდ! ბედნიერი ხომ მაშინ ვიყავი:

"მაშინ სოფელმან საწუთრომ მიუხვის, რაცა ვინები,
აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები”.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!