გიგილოს ჩხიკვები
ამ ამბავს მთიანი სოფლიდან გიგზავნით. იქნებ თქვენ ზღაპრად მოგეჩვენოთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მხარეში ასეთი ამბებიც ხდება.
კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩხიკვი მეტად ეშმაკი და ჭკვიანი ფრინველია. მაგრამ თურმე მისი მოშინაურებაც შეიძლება, ბარტყები უნდა მოიყვანო შინ. არა, ბარტყების მოპარვა ფრინველისათვის მეტად ცუდი საქმეა, მაგრამ ამასაც კადრულობს ზოგი. ჰოდა, ჩვენ გიგილოსაც უპოვია დაბურულ ტყეში ჩხიკვების ბუდე და სამი ბარტყი შინ წამოუყვანია. გაუკეთა პატარა ფრინველებს გალია და ზრდიდა როგორც შეეძლო. როცა ჩხიკვები დაფრთიანდნენ და წამოიზარდნენ, გარეთაც გამოუშვეს. საოცარი სანახაობა იყო: ეს ცისფერფრთიანი ონავრები ქათმებთან და ინდაურებთან ერთად კენკავდნენ პურის მარცვალს, სიამოვნებით შეექცეოდნენ ჭუკებისათვის მოხარშულ მხალსაც. ჯერ გიგილოს ეზოს მიეჩვივნენ, მერე კი მეზობლებთანაც დაიწყეს გადაფრენა, სახლებში შედიოდნენ და იქაურობას ალიაქოთში ხვევდნენ: თაროებიდან ჯამ-ჭურჭელს ჰყრიდნენ დაბლა. ნემსებს, მახათებსა და წინდის ჩხირებს იტაცებდნენ და შინ, გიგილოსთან მიჰქონდათ; წყაროსთან შეკრებილ ქალებს ჩაუქროლებდნენ და თავსაფრებს სტაცებდნენ; მამაკაცებს ქუდებს ხდიდნენ და გიგილოს ბოსტანში აგროვებდნენ; ბავშვებს ხომ მოსვენებას არ აძლევდნენ - მთელი დღე მათთან თამაშსა და ანცობაში იყვნენ გართულნი. განსაკუთრებით მოწითალო ფერები იზიდავდათ. ოლოს წითელი თავსაფარი ერთხელ მთელი დღე აფრიალეს აღმა-დაღმა და ბოლოს დიდი კაკლის კენწეროზე ჩამოჰკიდეს; ნანუკას ჭრელი ქუდი ისე მოეწონათ, რომ თავიანთ გალიაში შეიტანეს და ზედ მოიკალათეს. გასაშრობად გარეთ გაფენილ ბავშვების ტანსაცმელს თუ კარგად არ დაამაგრებდნენ, უმალ მოიტაცებდნენ და სადმე ტოტზე ჩამოჰკიდებდნენ.
ზაფხული იდგა და გიგილოს მეზობლები გარეთ სუფრის გაშლასაც ვერ ბედავდნენ, უმალ პატარა ჩხიკვები დაეცემოდნენ თავს, ჭიქებსა და თეფშებს ამოაბრუნებდნენ, ყველს, პურსა და მწვანილს დაურიდებლად იტაცებდნენ. მთელი უბანი ხალისობდა მათი საქციელით, თუმცა ხანდახან თავსაც აბეზრებდნენ ზოგიერთებს. თუ ვინმეს რაიმე დაეკარგებოდა, გიგილოს მიაკითხავდა, შენს ჩხიკვებს ხომ არ მოუტანიათო. რას არ კადრულულობდნენ ეს ეშმაკები, ერთხელ მოხუც ეფრემას აბოლებული ყალიონი გამოაცალეს ხელიდან. ქალები ეზოში ვეღარ ხელსაქმობდნენ. საქსოვ-საკერავი შინ შეჰქონდათ და კარ-ფანჯრებს ხურავდნენ, გიგილოს ჩხიკვებმა არაფერი მოგვტაცონო.
- კიდევ კარგი, ურემს, უღელსა და თოხ-წერაქვს ვერ ერევიან ეგ ოხრები, თორემ უსაქმოდ დავრჩებოდითო, - ამბობდნენ გლეხები.
გიგილო გახარებული იყო. მთელი დღე თავის ჩხიკვებს უთვალთვალებდა, ეძახდა და საზრდოს აწვდიდა, თუმცა ფრინველები სარჩოს თვითონაც შოულობდნენ, ყველა სუფრა მათთვის არ იყო გაშლილი? გიგილო გაჯავრებულ მეზობლებსაც ამშვიდებდა და უბოდიშებდა, ნუ გეწყინებათ, ჯერ პატარები არიან, მალე დაჭკვიანდებიან და ამ ეშმაკობას მოიშლიანო.
ერთ დღეს კი პატარა ჩხიკვები სადღაც გაუჩინარდნენ. ყველას გული დასწყვიტა მათმა წასვლამ, ყველას მოაკლდა მათგან მოგვრილი მხიარულება.
- როგორ გვართობდნენ, კაცო, რა კარგები ყოფილან, ჩვენ კიდევ ვუბრაზდებოდითო, - ამბობდნენ გიგილოს მეზობლები, - და ტყისკენ იმედით იყურებოდნენ, იქნებ დაგვიბრუნდნენ ჩვენი გამხალისებელი ჩხიკვებიო.
გიგილო ხომ ადგილს ვერ პოულობდა, მთელი დღე ტყეში დაეხეტებოდა, უსტვენდა და ეძახდა თავის ჩხიკვებს, მაგრამ ამაოდ.
- რა მოხდა, რატომ აიყარეს პატარა ჩხიკვებმა სოფელზე გულიო? - უკვირდათ ერთად შეკრებილ მეზობლებს.
- მე გეტყვით მაგათ ამბავსო, - ყალიონს მოუკიდა მოხუცმა ეფრემამ და დაიწყო, - ერთ ადრიან დილით, როცა გიგილოსაც და თქვენც, ყველას გეძინათ, კაკლის ხეზე ორი დიდი ჩხიკვი შევნიშნე, რომლებიც გიგილოს ჩხიკვებს ეხმიანებოდნენ. მალე სამივე ბარტყი მათთან მიფრინდა და ახლოს ჩამოსხდნენ. მერე დიდხანს მესმოდა მათი ჩხავილი და სხვადასხვა ხმები. ჩხიკვების ენა არ ვიცი, მაგრამ კარგად ვხვდებოდი ყველაფერს. დიდი ჩხიკვები ტუქსავდნენ პატარებს. ის ორი დიდი ჩხიკვი გიგილოს ჩხიკვების დედ-მამა იყო, რომლებმაც ძებნის შემდეგ მიაკვლიეს თავიანთ შვილებს და ახლა ტყისაკენ ეპატიჟებოდნენ.
- შვილებო, ჩვენ დიდად გავიხარეთ თქვენი ნახვით, ახლა დროა, მორჩეთ ადამიანებთან ცხოვრებას და ჩვენთან ერთად წამოხვიდეთო.
- ჩვენ ძალიან მოგვწონს აქ ყოფნა, ხალხს ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს ისინი, მათთან თამაშს რა სჯობიაო? - ეუბნებოდნენ შვილები.
- ჰო, შვილებო, მაგრამ რამდენი დღე გავლიეთ თქვენზე დარდში, რამდენი გეძებეთ! ნუთუ მშობლებს გვერდი უნდა უქციოთ და აქ დარჩეთ? ჩხიკვებს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და მას უნდა მივსდიოთ, ხალხის გასართობად როდი გავუჩენივართ ღმერთსო.
შეებრალათ შვილებს მაშვრალი მშობლები, სამივენი მათთან მიფრინდნენ, ნისკარტები და ფრთები შეახეს, თითქოს იგრძნეს მშობლიური სითბო. მერე კი დიდმაც და პატარა ჩხიკვებმაც ფრთები გაშალეს და ტყისაკენ გაფრინდნენ. ასეა, ყველა თავის მშობლიურ ადგილს უნდა დაუბრუნდეს, სრულფასოვანი ცხოვრებით რომ იცხოვროს. გარეულ ფრინველებს ჩვენთან ცხოვრება არ არგიათ, მათ თავიანთი წესი და რიგი გააჩნიათ, ჩვენზე კარგადაც აქვთ მოწყობილი ცხოვრებაო, დაამთავრა სიტყვა მოხუცმა.
Monadire.Com - ჩხიკვი