ჩაშენებული წიგნები SCRIBD

суббота, 28 апреля 2012 г.

დამრიგებლის დღიური

მინდა გითხრათ, როდასაც მოსწავლეებს დავალებას ვაძლევ ,ხშირად  მშობლები უფრო  მეტი ხალისით და მონდომებით აკეთებენ ბავშვებისთვის მიცემულ დავალებას , ყოველ შემთხვევაში , მე ასე მგონია .  ერთ-ერთი მშობლის მიერ შესრულებული დავალება  რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა, კარგ განწყობაზე დამაყენა  და მომინდა ჩემს პირად ბლოგზე გამომეფინა.აი , ისიც...

...სურათს ვუყურებ და ვფიქრობ, ნეტა დისნეიში შექმნილი ეს ზღაპარი იქნებ სულაც არ იყი ზღაპარი და შორეულ წარსულში , მართლაც მოხდა ეს ამბავი, რომ ერთმა მშვენიერმა გოგონამ თავგადასვალებში ამოჰყო თავი და მას მეზღაპრემ ფიფიქია შეარქვა. 
ფიფქია ულამაზესი იყო და ხმაც  ულამაზესი  ჰქონდა. როცა მღეროდა ბუნება იღვიძებდა . ყველა , ფრინველი  თუ ცხოველი, მის გარშემო იკრიბებოდა. ისიც გავიგე_ თურმე ფიფქიას ბუნების ხმებიც ესმოდა და  ხშირად ელაპარაკებოდა ხეებს , ყვავილებს ,ცხოველებს.  მისი , ამ ნიჭის და სილამაზის გამო, ბევრს შურდა. ყველაზე შურიანი  კი მისი ბოროტი დედინაცვალი იყო , რომელმაც  თავისი ჯადოქრობითა და  ჯადოსნური სარკის დახმარებით ფიქიას პოვნა და მოკვლა განიზრახა. გაიგო, რომ ფიფქია ლილიპუტების ქვეყანაში , შვიდ ჯუჯასთან ცხოვრობდა... ჰო მართლა , ზღაპარშიც ასეა მგონი.

... მშვენიერი დღე იყო.ფიფქია, თავის მეგობარ ჯუჯებთან და ტყის ბინადრებთან ერთად, ყველაზე პატარა ჯუჯის ,დაბადების დღეს ზეიმობდა. ვაშლის ნამცხვარი გამოეცხოთ და მხიარულობდნენ.  სად იყო, სად არა ,  ერთმა დანაოჭებულმა, ღრმად მოხუცებულმა დედაბერმა, რომელიც იქ საიდან გაჩნდა არავინ იცოდა  , ფიფქიას წითელი ვაშლი გაუწოდა და თან უთხრა :__უბრალო ვაშლი არ გეგონოს, ეს ჯადოსნური ვაშლია და რასაც ჩაიფიქრებ  აგიხდებაო. __დედაბერი არ  სტყუოდა , ვაშლი მართლაც  ასრულებდა ჩაფიქრებულ  სურვილებს, მაგრამ ის კი აღარ წარმოედგინა,რომ ვაშლი ფიფქიასაც  შეუსრულებდა ჩაფიქრებულ სურვილს
    ხოდა ფიფქიამაც ჩაიფიქრა: სიყვარული , სიკეთე , ბოროტება აღარ იყოს ამ ქვეყნადო ...
   მოწამლულმა ვაშლმა ფიფქიას ვერც ვერაფერი დააკლო. ჯუჯები კი მიხვდნენ ვინც იყო ეს მოხუცი ქალი. ისე შორს გადაკარგეს, რომ მისი ამბავი  მას მერე  არავის გაუგია .

      ასეა, ძალა ერთობაში, სიყვარულში და სიკეთეშია. ბოროტი დედინაცვალი თავიდან მოიშორეს, ფიფქია და შვიდი ჯუჯა კი მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას.

   ...ხოდა პარიზის დისნეი ლენდში რომ მოვხვდები და რაიმე ახალს შევიტყობ  მათ შესახებ, გეფიცებით, აუცილებლად გიამბობთ.



(თქვენი საბა   (ნინო წიკლაური-საბას დედა






пятница, 27 апреля 2012 г.

დამრიგებლის ჩანაწერები

მზე ამოვიდა!!!
მინდა გითხრათ საოცარ სამყაროში ვცხოვრობ , ამ სამყაროს კი ჩემი პატარები , ჩემს მოსწავლეებს ვგულისხმობ  რა თქმა უნდა , მიქმნიან....
... დაღლა? დაღლა  რა მოსატანია იმ მუხტთან რასაც  მათგან ვიღებ ...რამხელა  და რა უზარმაზარი გული აქვთ , გული სიკეთით სითბოთი და სიყვარულით სავსე და თანაც რა უშურველად გაძლევენ და გჩუქნიან ...  რას? __რას და თავიანთ კეთილ, თბილ და სიყვარულით  სავსე გულებს !
ხანდახან დავფიქრდები და ჩემს თავს ვეკითხები __ რომელი მიყვარს ყველაზე მეტად ....ნამდვილად ვერ ვარჩევ , გაფიცებით გულწრფელი ვარ , როცა ამას ვამბობ, რა ვქნა , მართლა ასეა...
მახსოვს, პატარა ვიყავი, და ერთხელ  მამიდაჩემმა მკითხა :_მამიდა უფრო გიყვარს თუ დეიდაო? __როცა ვუპასუხე ორივე ერთნაირად მეთქი (არა და მართლა ასე იყო , ორივე ძალიან კარგი მყავდა) __ არ მჯერაო მითხრა.  ...უფრო...უფროო?  ___ ჩამაცივდა . მეც არც ვაციე და არც ვაცხელე თავი რომ დაენებებინა ვუთხარი :__შენთან როცა ვარ შენ უფრო მიყვარხარ და იმასთან როცა ვარ ის მეთქი ._ მამიდაჩემმა ერთი გემრიელად გაიცინა და თავი დამანება... მეც კმაყოფილი დავრჩი ჩემი პასუხით .
ანრი 
     ამ მოგონებაზე გამახსენდა...რაღაც მოგონებები მომეძალა ;))
ბავშვებს, ჩემს პირველკლასელებს, დავალება მივეცი: __მოიფიქრეთ ოთხსიტყვიანი წინადადება და დამიწერეთ მეთქი. ხოდა ანრიმ იწვალა , იწვალა :) და მოიფიქრა წინადადება . ნახა  რომ დაწერილი ჰქონდა ხუთი სიტყვა .  მეხუთე იყო  ,,და"(კავშირი) ... ხოდა, თავის მოხერხებულობით აღტაცებულმა, მითხრა :__ მასწავლებელო, ხუთი სიტყვა რომ გამომდიოდა მივხვდი და ოთხი რომ გამოსულიყო  ,,და"  ბოლო სიტყვას მივუერთე, მივაწებეო  !!!  __ უნდა გენახათ რა კმაყოფილი იყო. ის კი არა და მეც  ,,კმაყოფილი" და გამხიარულებული დავრჩი.
... მაგრამ იცით რა მაინტერესებს ?__ ანრიმ საბოლოოდ იხუმრა და დაეზარა თავიდან ოთხსიტყვიანი წინადადების მოფიქრება  , თუ მართალაც  ეგონა, რომ სწორად გადაჭრა პრობლემა? ...:)))

среда, 18 апреля 2012 г.

მწერლის ჩანაწერებიდან

***
.ბავშვის გონების განვითარებაში, მისი სულის ფორმირებაში ადრევე დებს წილს სამბავშვო მწერლობა.


***
...შიო მღვიმელი პირველი პოეტი იყო, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის სწერდა. შიოს ლექსები ბავშვებივით ალალი და გულწრფელია. იგი კარგად იცნობს ბავშვის ბუნებას, იცის მათი ინტერესები და მათი სახელით ისე ბუნებრივად გველაპარაკება, თითქოს თვითონაც ბავშვი იყოს.

 შიო მღვიმელის ლექსები კარგა ხანია დამკვიდრდნენ სახელმძღვანელოებსა და ქრესტომათიებში. პოეტის ლექსი ლაღია და ადვილად დასამახსოვრებელი, მათზე ჩვენი ახალგაზრდობის მრავალი თაობა აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება..


გრიგოლ აბაშიძე
.

понедельник, 16 апреля 2012 г.

დღეს 17 აპრილია

რა ცუდი ამინდია...წვიმს და თანაც ქარია...
არა და რამდენი გეგმა მქონდა :)  ...ეხლა კი გარეთ გახედვაც არ მინდა
...ხვალ სკოლაში გავდივარ, სწავლა განახლდება ,...მიხარია , მომბეზრდა სახლში ჯდომა
....
არა და არდადეგებს ვნატრულობ, თუმცა რა ,ეს სხვაა, არდადეგები სახლში ჯდომასთან ხომ არ ასოცირდება ...ესაა  ზაფხული, მზე , მზე, სოფელი,(რომელიც ძალიან მიყვარს),ტყე , ბუნებაში გასეირნება და რაც მთავარია ზღვა, ზღვა , ზღვა, ზღვაააა........ვგიჟდები ზღვაზე და ცურვაზე , დიდი პროფესიონალი არ ვარ , მაგრამ ...რა ვიცი კარგა შორს კი გავცურავ ხოლმე და... :)))  გადავხედო რამდენიმე ფოტოს



ქობულეთი  საცაა  მზე ჩავარდება ზღვაში ...


რა გარუჯულია სანდრო, ბათუმშია ვაჟბატონი!


ეს ვინ იქნება , თუ არა გიორგი !:)))


ყავას ველოდები !!!



დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა და ვულოცავ! :)
















пятница, 13 апреля 2012 г.

მოკლე ბიოგრაფია

დავიბადე თბილისში 1959 წელს შემოდგომის თბილ და ნათელ დღეს __ 26 სექტემბერს.
ვსწავლობდი   სკოლაში ,ისე როგორც ყველა , უმაღლესიც დავამთავრე და შემდეგ შევუდექი პედაგოგიურ მოღვაწეობას ... დღესაც ამ სფეროში ვმოღვაწეობ .

ეს ვიდეო-რგოლი დიდი ხალისით გავაკეთე , არა და ვინც ნახა გული ამიჩუყდა და ცრემლი მომერიაო__მითხრეს ....ისე, რა ვთქვა და  მეც ეგრე დამემართა როცა ვნახე  :)))

среда, 11 апреля 2012 г.

ლორენს კოლბერგი
მოსწავლის მორალური განვითარებისათვის :
1. აუხსენოთ მოსწავლეს და დაუსაბუთეთ , თუ რატომაა ზოგიერთი საქციელი მიუღებელი.
2. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს პასუხისმგებლობა დავაკისროთ არაზნეობრივ და ანტისოციალურ საქციელზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასჯელთან ერთად ინდუქციაც გამოვიყენოთ.
3. დავანახოთ, როგორ შეწუხდა სხვა ადამიანი მისი საქციელით.
4. დავანახოთ სხვა ადამიანის (მაგალითად, ვისაც დასცინის) შეხედულება და მოტივი.
5. დაეხმარეთ მოსწავლეებს, სიტუაციებს სხვადასხვა ადამიანების პოზიციებიდან შეხედონ. წაახალისეთ ისინი, რომ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება გაუჩნდეთ.
6. მიეცით მოსწავლეს მორალური განვითარების ბევრი მაგალითი.
7. ჩართეთ მორალური საკითხები და დილემები საკლასო დისკუსიებში. გაამხნევეთ ბავშვები, ახსნან და დაასაბუთონ თავიანთი მორალური შეხედულებანი.
8. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკლასო ოთახში შეიქმნას უსაფრთხო და სანდო გარემო, რათა მოსწავლეებმა თავისი აზრის გამოხატვა გაკიცხვისა და შერცხვენის შიშის გარეშე შეძლონ.
9. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლებს, რომ დაანახოს დილემის ყველა ასპექტი.
10. აქტიურად ჩართეთ მოსწავლეები ისეთ პროექტებში, რომელბიც საზოგადოებისადმი სამსახურს ითხოვს.ეს ხელს შეუწყობს მათი სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

понедельник, 9 апреля 2012 г.

ვიზრუნოთ მოტივაციის ამაღლებისთვის ბავშვებში

1. გავამდიდროთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2. ვეცადოთ, გავააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3. ჩავრთოთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.
4. გამოვიყენოთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5. გამოვიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
6. შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7. მივაწოდოთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1" შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8. თავი ავარიდოთ მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.
9. არასოდეს გავაკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.
10. ვიყოთ მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
11. ტესტირებისას გამოვიყენოთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
12. სათანადო ყურადღება დავუთმოთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
13. ჩავრთოთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
14. შემოვიღოთ "პრობლემებისა და წინადადებების ყუთი" – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთ. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.
16. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება.

четверг, 5 апреля 2012 г.

ქცევის წესები


  • სასწავლო წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განვუმარტოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როგორი ქცევაა მათთვის შესაფერისი. ქცევის წესების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ მასწავლებელი ამ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინება ქცევის წესებს გაცილებით უფრო ეფექტურს გახდის.
  ქცევის წესების შემუშავება სასწავლო წლის პირველივე კვირას უნდა მოვახერხოთ. 

понедельник, 2 апреля 2012 г.

ჟან პიაჟე

შვეიცარიელი ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა ბავშვის აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა. ალფრედ ბინეს ლაბორატორიაში მუშაობისას შეამჩნია, რომ ერთი ასაკის ბავშვები ერთნაირ ან მსგავს შეცდომებს უშვებდნენ დავალების შესრულებისას და გადაწყვიტა ეკვლია ის ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესებზე. მისი კვლევა “კოგნიტური განვითარების თეორია” ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც უნიკალური და რევოლუციური ნაშრომი მაშინდელი დროისათვის.
ძირითადი ადგილი მის კვლევაში უკავია “კოგნიტური სქემების” ცნებას. კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაშI, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.
პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.


ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.
ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტე;ექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

(მოკლე კონსპექტი წიგნიდან: “პროფესიული უნარები”, დანართი 2. გამოცდების ეროვნული ცენტრი.)


1.მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამხვილოს მოსწავლეთა აზროვნების პროცესებზე და არა მხოლოდ მის შედეგზე – მასწავლებელმა მოსწავლის მხოლოდ პასუხი კი არ უნდა შეამოწმოს, არამედ დაადგინოს , თუ რა გონებრივი პროცესები გამოიყენა ამ პასუხის მისაღებად. სასწავლო პროცესები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური , როცა ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.
2. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში – ცოდნის გადაცემა პირდაპირ კი არ უნდა მოხდეს, არამედ მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ გააკეთოს აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის შედეგად.
3. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპები განსხვავებულია და ეს გაითვალისწინოს სასწავლო პროცესში – პიაჟეს თეორიის თანახმად, ყველა ბავშვი განვითარების სტადიებს ერთნაირი თანმიმდევრობით გადის, თუმცა განსხვავებული ტემპით. ამიტომ მასწავლებელმა სასწავლო დავალებები ცალკეული ჯგუფებისთვის უნდა დაგეგმოს და არა მთელი კლასისთვის შეფასება უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების პროგრესის გათვალისწინებით.

воскресенье, 1 апреля 2012 г.

სადამრიგებლო საათის თემები

სადამრიგებლო საათის თემები, სასურველია, მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემა – საკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
რეკომენდაციები "სადამრიგებლო საათის" განხორციელებისთვის.


2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავ სეს?

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებებთან და მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებანი და სწორედ აქედან გამომდინარე, გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. თუმცა შესაძლებელია შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და წინასწარ იყოს დაგეგმილი, მაგ. კვირაში ერთხელ.